ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსის" მთავარი ტოქ-შოუს "360 გრადუსის" წამყვანი ემა ტუხიაშვილი 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროშია. თავად მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა სწორედ "360 გრადუსით" გაიცნო. როგორ მზადდება ახალი ამბების ტელევიზიის მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ და როგორ ახერხებს მისი წამყვანი ყველაზე მწვავე თემებზე საუბრისას სიმშვიდის შენარჩუნებას? ამ და სხვა კითხვებზე ემა ტუხიაშვილი ჟურნალ "სარკეს" პასუხობს:
- ბუნებრივია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შემაჯამებელი გადაცემის წამყვანობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მუდმივად ვგრძნობ, რომ მაყურებლები გადაცემიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხს ელიან. "360 გრადუსი" ეთერში გასვლის დღიდან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. "პალიტრა მედიას" ქვეყანაში ყველაზე დიდი საინფორმაციო ნიუსრუმი აქვს, რომელშიც ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პორტალებია გაერთიანებული: "ინტერპრესნიუსი", "ბიზნესპრესნიუსი", "ამბები.გე" და ა. შ.
წლებია ამ გუნდის წევრი ვარ. ყოველ წუთს სიახლეს ვიგებ სხვადასხვა სფეროდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა გადაცემა ინფორმაციულად დაბალანსებული იყოს და კონკრეტულ საკითხსა თუ პრობლემაზე მსჯელობისთვის ორივე მხარის პოზიცია წარმოვაჩინოთ. თითოეული გადაცემა უზარმაზარი შრომის შედეგია - საკითხს ზედაპირულად არასოდეს ვუდგებით. საფუძვლიანად ვემზადებით, რომ იმ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ინფორმირებულები ვიყოთ, რომელზეც სტუმრებთან უნდა ვისაუბრო.
- უამრავი ინფორმაციის არსებობისა და მოვლენების სწრაფად განვითარების ფონზე, გადაცემის თემას როგორ არჩევთ?
- უპირველეს ყოვლისა, თემის შერჩევა მაყურებლის ინტერესზეა დამოკიდებული. "360 გრადუსის" შემოქმედებითი გუნდი სწორედ ამის მიხედვით მსჯელობს, თუ რომელი საკითხია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი.
სტუმრების შეთანხმებას რაც შეეხება, ეს საკითხი ზოგჯერ გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოქმნის ხოლმე. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა უკვე ზუსტად იცის, რომ ნებისმიერ შეკითხვას პირდაპირ ეთერში მოურიდებლად დავუსვამ.
- ამის გამო განაწყენებული სტუმრები არ გყოლიათ?
- არასასურველი შეკითხვის გამო რამდენიმე პოლიტიკოსი გაგვინაწყენდა. სიმართლე გითხრათ, სტუმრების უმეტესობა ჩვენ მიმართ პატივისცემით განწყობილი იმიტომ არის, რომ მწვავე შეკითხვების დასმას არასოდეს ვერიდებით. ბოლო დროს ოპონენტები ერთმანეთთან დებატებს ერიდებიან. ეს სამწუხარო ტენდენციაა. ხშირად სტუმართან ოპონირება თავად მიწევს.
- ოპონირება რომ შეძლოთ, საკითხში ღრმად უნდა ერკვეოდეთ...
- დიახ და კარგი დამთხვევაა, რომ "360 გრადუსის" პროდიუსერი პოლიტიკურ საკითხებში გამოცდილი ჟურნალისტია, მე - ეკონომიკურში. შესაბამისად, ისეთი საკითხი რთულად მოიძებნება, რომელსაც ჩვენ საფუძვლიანად არ ვიცნობდეთ. ორივეს მთავარი პრინციპია, რომ ობიექტური კითხვები დავსვათ, ემოციებსა თუ პირად მოსაზრებებზე "მაღლა დავდგეთ", თუკი, რა თქმა უნდა, სოციალურად მგრძნობიარე საკითხს არ ეხება საქმე.
- მაყურებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრნძობთ?
- მაყურებლების გამოხმაურებას ყოველ დილით ვეცნობი და მიხარია, რომ ძირითადად დადებითად მაფასებენ. მწერენ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ განსაკუთრებულად მოსწონთ, როდესაც მწვავე შეკითხვას მშვიდი ტონით ვსვამ. ჩემთვის, როგორც ტელეწამყვანისთვის, ეს ძალიან სასიამოვნო ქათინაურია. თითოეულ მაყურებელს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობას ვუხდი.
- მშვიდი და გაწონასწორებული ტელეწამყვანი ეთერში შესვლამდე რთულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?
- ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ის დღე იყო, როცა ეთერამდე 20 წუთით ადრე მამაჩემის გარდაცვალება შემატყობინეს... ის გადაცემა წავიყვანე... ჩემი აზრით, მაყურებლების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა სწორედ ეს არის. შესაძლოა, საზოგადოებას შენი პირადი ემოციები არ აინტერესებს და გადაცემიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამბებს ელოდება... ის საღამო ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო...
- ეკრანის მიღმაც ასეთი გაწონასწორებული ადამიანი ხართ?
- საერთოდ, როგორც მეუბნებიან, ეკრანზეც და ცხოვრებაშიც გასწონასწორებული ადამიანი ვარ. ამასთანავე, იუმორის გრძნობასაც არ ვუჩივი და მხიარულიც გახლავართ. ერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც რესპონდენტთან კამათისას, იმ წუთში, გამოცდილება არ მეყო, რომ დავაში არ ავყოლოდი - ჩვენს კამათს პოლემიკა აღარ ერქვა... საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ...
- თქვენი მთავარი გულშემატკივრები ვინ არიან?
- ჩემი ოჯახის წევრები, სამეგობროს დიდი ნაწილი "პალიტრანიუსში" მყავს. მიხარია, რომ დილის ცხრა საათიდან გვიანობამდე პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობ. სამსახურში თავს კარგად ვგრძნობ, დღის ბოლოს კი ემოციებს ყოველთვის ოჯახის წევრებს - ჩემს შვილებს და მეუღლეს ვუზიარებ. ისინი ჩემი დიდი მხარდამჭერები არიან... დარწმუნებული ვარ, "პალიტრანიუსის" გუნდთან ერთად კიდევ ბევრ მნივშნელოვან წარმატებას მივაღწევ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "სარკე"