შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, არ არსებობს კვლევა, რამდენად არის მომხდარი ავარიები მარჯვენასაჭიანი მანქანებით გამოწვეული. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გრძელდება.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასახული ინიციატივა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებდა, იმით იყო განპირობებული, რომ ბოლო 5-წლიან დინამიკაში განუხრელად არის გაზრდილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი.
შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეიქმნა მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის გათანაბრების საფრთხე, რაც საერთო უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ხუციშვილის თქმით, აღნიშნული საფრთხე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაძვირებისკენ გადადგმული ნაბიჯებით მოიხსნა, რის გამოც მათი იმპორტის აკრძალვა დღის წესრიგში აღარ დგას.
"საერთო ავარიების 20% მოდის მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. ამ შემთხვევების უმრავლესობა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლების ბრალეულობით არის გამოწვეული, თუმცა ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა ან მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა," - აღნიშნა ხუციშვილმა.