უმაღლესი ხარისხის ტრადიციული კახური ღვინის მიღებისთვის, რამდენიმე წინაპირობა არსებობს: 1. ვაზის ჯიში, 2. ნიადაგურ-კლიმატური პირობები, 3. მიკროზონა, 4. ალკოჰოლური დუღილის წარმართვა ქვევრში, 5. დადუღება და დავარგება სრულ ჭაჭაზე (კანი, კლერტი, წიპწა), 6. რთველის ჩატარება ყურძნის 23-26%-იანი შაქრიანობის დროს, როცა კლერტიც სრულად არის მომწიფებული.
უპირველესი მოთხოვნაა, შევარჩიოთ საღი, დაუავადებელი და კონდიციური ყურძენი (სასურველია 23-26% შაქრიანობით). ახალმოკრეფილი ყურძენი რაც შეიძლება მალე უნდა დაიჭყლიტოს და მოთავსდეს ქვევრში, რომელიც წინასწარ კარგად იქნება დამუშავებული სათანადო წესით. ქვევრი დაჭყლეტილი ყურძნით იტვირთება ისე, რომ ჩატვირთული დურდოს თავზე დარჩეს თავისუფალი არე ქვევრის მოცულობის არაუმცირეს 15%-ისა.