ავტორი:

"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს

"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - როგორ ატყუებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები ოჯახის წევრებს

თამაში გართობის ერთ-ერთი ფორმაა და ფსიქოლოგიური წნეხით გამორჩეულ, დამთრგუნველ ქართულ კულტურაში რეალობიდან გარიდებისა და თავდავიწყების მარტივი საშუალებაც არის. შეიძლება ამიტომაც ჩემს სანაცნობო-სამეგობროში რამდენიმეს თუ დავითვლი, რომელიც აზარტული თამაშებით არ არის გატაცებული. დანარჩენები თამაშობენ - ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი ოჯახის დამაქცევლად.

დღეს ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე. უფრო სწორედ კი თამაშზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებზე: მშობლებზე, და-ძმაზე, პარტნიორ-მეუღლესა და მეგობრებზე. ეს სტატია სწორედ მათთვისაა - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს ძალიან საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

დეპრესია ხომ იმდენად გავრცელებული დიაგნოზია, რომ 21-ე საუკუნის შავ ჭირად მოვიხსენიებთ, მაგრამ დეპრესიულ პაციენტებს ვიზიტების სტატისტიკაში მხოლოდ მეორე ადგილი უჭირავს. პირველობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის (როგორც წესი, ახალგაზრდა კაცის) პატრონი არავის უთმობს. ყველაზე მეტ წერილსაც მათგან ვიღებ, რომელიც ერთი და იგივე ტექსტით იწყება: ოღონდ ეშველოს და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით.

სრული გულწრფელობით და უზარმაზარი გულისტკივილით მოცემულ ამ პირობას შესრულება არ უწერია. იმიტომ რომ, ის რაც გემბლერის პატრონმა მის დასახმარებლად უნდა გააკეთოს, ქირურგის ლანცეტს მოითხოვს და არა მოალერსე ღვთისმშობლის ნატიფ თითებს.

  • როგორ ამოვიცნოთ გემბლერი

აზარტული თამაშებით თავის შემქცევი ადამიანი თამაშზე დამოკიდებული ადამიანისგან ძალიან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ქცევის ისეთ ფორმებს ახორციელებს, რომელიც ზომიერებისა და საღი აზრის განსაზღვრებას ცდება:

1. ინტერესების და ურთიერთობების მკვეთრი გაღატაკება - გემბლერს თამაშის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, რადგან გემბლინგი მისთვის სიამოვნების ძირითადი და ხშირად ერთადერთი წყაროა. მას სხვა ინტერესი თითქმის არ გააჩნია. როგორც კი დადგება იმის საშიშროება, რომ თამაშზე წვდომა შეეზღუდოს, მოსვენებას კარგავს და ადგილს ვერ პოულობს.

ნატა (29 წლის): როცა დავქორწინდით, მოგზაურობაზე გიჟდებოდა. ქორწილისთვის გამოყოფილი ფული 5 კვირას გვეყო, მაგრამ ყველაფერი ვნახეთ. იმდენი რამ აინტერესებდა. ერთად ფილმებს ვუყურებდით. ერთ დღეს მე ვირჩევდი ფილმს, მეორე დღეს თვითონ და მერე ვარჩევდით საათობით. სუშის კეთება მინდა ვისწავლოო, აიჩემა და სამზარეულოში ვერ შეხვიდოდი, ყველგან დაჭრილი თევზი და სხვადასხვა ფერის ბრინჯი იდო. კარატეზე შევედით; შვედურს ვსწავლობდით. ყველა გიჟდებოდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებითო...

ეხლა მისი ერთადერთი ჰობი თამაშია. მეგობრებიც კი დაივიწყა. მხოლოდ ისინი დაიტოვა გვერდით, ვინც თამაშობს. სექსისადმი ინტერესი ნული; არ გელაპარაკება; კომპიუტერი აქვს აფარებული, როცა სახლშია და უმეტესწილად იმ თავის მეგობრებთან არის. ადამიანს არაფერი აღარ აინტერსებს ფსონების გარდა. ბოლო წვეთი იყო თავისი ძმის ნიშნობა, რომელიც საცოლეს აგარაკზე გადავიხადეთ. ტელეფონი ცუდად იჭერდა და ინტერნეტი საერთოდ არ ქონდათ. ღამის 2 საათზე მეგობარს მანქანა გამოართვა და თბილისში წამოვიდა, მე მგონი გაზი დამრჩა ჩართულიო. ვეხვეწე და არ წამომიყვანა. კაზინოში გაათენა: ხელფასი და კრედიტში აღებული თანხა წააგო...

2. ტყუილის დახვეწილი ხელოვნება

გემბლერის საუკეთესო მეგობარი არის ტყუილი. ყველაზე მართალი და ალალი ადამიანიც კი თამაშზე დამოკიდებულების განვითარების შემდეგ ტყუილის ხელოვნებას ბრწყინვალედ ეუფლება. მას შეუძლია ისეთი გაუგონარი და დახვეწილი სიუჟეტის ისტორია მოგიყვეთ, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვს არ შეიტანთ.

ნინო (48 წლის): დადარდიანებული შემოვიდა და მითხრა: ხომ მთელი ცხოვრება მსაყვედურობდი, შენი საყვარელი საქმე ვერ გიპოვიაო და ა ბატონო, როგორც იქნა, მივაგენი, მაგრამ ისეთი ძვირია, რომ უნდა დავივიწყოო. გახსნა ლეპტოპი და მაჩვენა ვებ-დიზაინის ერთწლიანი პროგრამა ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. 8 თვე მეცადინეობდი ონლაინ და გამოცდების ჩაბარების შემდეგ პროფესიულ სერტიფიკატს გაძლევდნენ, რომლითაც მთელს მსოფლიოში შეგეძლო ამ განხრით მუშაობა. ირაკლის მამა და ძმა შეპირდნენ სწავლის დაფინანსებას, მე გამოვართმევ მასალას და ჩემით ვიმეცადინებო. გული მომიკვდა.

ბინა მინდოდა გამეყიდა და უფრო დიდი მეყიდა და კარგა ხანს ვზოგავდი. გამოვიტანე და ანგარიშზე 7 ათასი დოლარი დავუდე. ის დიპლომი თვალით არ მინახავს. იმავე დღეს წააგო. როგორც აღმოჩნდა, ირაკლის ამ პროგრამაზე არაფერი გაეგო და სწავლის გაგრძელებას საერთოდ არ აპირებდა. აქეთ მეჩხუბა: მინდოდა დაგხმარებოდი და გამეორმაგებინა ის თანხა, რომ ჩემი სწავლის ფული თავად გადამეხადა და ჩემმა კეთილშობილებად დამღუპაო. ყურებს არ დავუჯერე. ეს ჩემი შვილი არ იყო.

ნათია (20 წლის): ფანჯრებს მუქი ფარდები გადააფარა, ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, არავის ზარს არ უპასუხო. იციან, რომ ჩემი ცოლი ხარ. ასე მომაგნებენო. რამე თუ არ ვიღონეთ, დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა ერთი კაზინოს მფლობელი მაფიოზი და მისი დაცვა მოსაკლავად. გული გამისკდა და ვუთხარი, მამაჩემს დავურეკავ, ჩემი ნათლია პოლიციელია და გვეტყვის, რა გავაკეთოთ-მეთქი. დამარწმუნა, რომ ამ ვალს არავინ შეარჩენდა და მას თუ ვერ მისწვდებოდნენ, მე მომკლავდნენ.

მთელი ცხოვრება მამაშენი ხომ ვერ დაგიცავს, სადმე გამოგიჭერენ, ან მე ჩამისაფრდებიან და ტყვიას დამახლიანო. დამაფიცა, რომ არავის ვეტყოდი, მით უმეტეს - მამაჩემს. მეორე დილით ჩემი მანქანა წაიღო და 16 ათასად გაყიდა. მართალია, ეს მხოლოდ ვალის მესამედი იყო, მაგრამ ცოტა ხნით თავს გაანებებდნენ, როგორც ამიხსნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სიკვდილს გადავარჩინე.

ყველაფერი რომ დამთავრდა, ვეღარ მოვითმინე და თაკოს მოვუყევი, ჩემს დაქალს. ის ქმარს მოუყვა. ერთ საღამოსაც თაკოს ქმარმა ამიხსნა, რომ კაზინო "პოსლეზე" არ თამაშობს და ამიტომ კაზინოს ვალი არ შეიძლება გქონდეს. შესაბამისად, მოსაკლავად არავინ გამოგეკიდება. შენს ქმარს ჰოლივუდის ფილმები გადაბულბულებული ჰქონიაო. მამასთან გადავამოწმე და ის სულ გაგიჟდა: არ მეგონა, ასეთი აფერისტი რომ იყო.

ფული გამოგძალა კლასიკურად, თან ლამის აქეთ გათქმევინა მადლობაო. კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ თაკოს ქმარს და მამაჩემს გიგი არ მოწონდათ და ჩვენს დაცილებას ამ გზით ცდილობდნენ.

3. გემბლერი იდეალური მანიპულატორია

მან კარგად უწყის ოჯახის წევრებისა და მეგობრების სისუსტეები და წინასწარ გათვლილი, ტაქტიკური ნაბიჯებით სწორედ მათზე ზემოქმედებს.

ანა (52 წლის): "ივიკოს მამამისთან საშინელი ჩხუბი მოუვიდა. კი ვიცოდით, რომ თამაშობდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ "ქუჩის მაზავშიკებთან" წააგებდა. მოკლედ, ფული გვთხოვა, 4 ათასი ლარი. თუ არ მომცემთ, ხელ-ფეხს დამამტვრევენო. იტირა, იჩხუბა, გვეხვეწა, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. შვილი არ გიყვართო, გაჰკიოდა.

ჩემი ქმარი ისეთი ტიპია, გულს ადვილად ვერ მოულბობ. თან ძალიან გაბრაზებული იყო. ადგა და მიახალა, კისერი მოგამტვრიონ, თუ უნდათ, ჩემგან ფულს ვერ მიიღებო. ივიკო თავის ოთახში შევარდა და აღარც გამოსულა. შუაღამეს რაღაც ბრაგუნი მესმის. აბაზანის კარი შევაღე და ძირს გდია, ხელიდან სისხლი მოსდის. ატყდა ერთი ამბავი. სასწრაფო, მეზობლები. კიდევ კარგი, ზედაპირული ჭრილობა იყო და ნაკერის დადებაც არ დაჭირდათ. სასწრაფოს გადაყვანაზე უარი ვუთხარით და სახლში დავიტოვეთ. მაგის ბავშვობის ძმაკაცს დავურეკეთ. ამოვიდა. ივიკოს ოთახში დაიძინა იმ ღამით.

ველოდები, რომ ჩემი ქმარი ეხლა მაინც დაეხმარება. კაპიკს არ მივცემო, თავისას აგრძელებს. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. შვილი თუ აღარ მეყოლება, ჯანდაბაში წასულხარ მეთქი. აეჩემებინა: მაგას თავის მოკვლა აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ შეგვაშინაო. დიდხანს ვიჩხუბეთ ამის ნიადაგზე. ვერაფრით რომ ვერ გადამარწმუნა, აბაზანაში გამიყვანა და კარი მაჩვენა: გაიხსენე, ხმა რომ გაიგე, კარები შეამტვრიე თუ ღია დაგხვდაო. არ შემიმტვრევია. ცოტა შეღებულიც კი იყო. კარგად მახსოვს. უცებ ყველაფერში დავეჭვდი.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

ივიკოს ბავშვობიდან ჰქონდა ასეთი ჩვევა, ხელის გადასაბანადაც რომ შესულიყო, აბაზანის კარს შიგნიდან მაინც კეტავდა. დავცინოდით, კარი ჩარაზე, არ მოგიტაცონო. რა ვიცი, სიკვდილთან თამაში როგორი საქმეა. მაგრამ თვითმკვლელობით ადრეც დამმუქრებია. მხოლოდ მე. მამამისს - არა. უფრო მცირე თანხაზე იყო ლაპარაკი და მე თვითონ ვშოულობდი და ქმარს არც ვეუბნებოდი, ისე ვაძლევდი. ეხლა ხომ მოგიყევით ეს ამბავი?... მაგრამ, იცით, რომ ბოლომდე მაინც არ მჯერა, ჩემმა შვილმა თვითმკვლელობა რომ გაითამაშა. თითქოს რაღაც შიგნიდან მეუბნება, რომ ივიკოს უნდა დავუჯერო. რა სისულელეებს ვლაპარაკობ"

  • გემბლერის წამახალისებელი ოჯახის წევრი (წევრები)

ანას ამ ბოლო ფრაზაზე მინდა შევჩერდე. ფაქტების დამარწმუნებლობის მიუხედავად, როგორც წესი, გემბლერის პატრონი ვერაფრით იჯერებს, რომ შვილი ატყუებს, ფულს სძალავს, იყენებს და აშანტაჟებს. ყოველ ახალ შეპირებას (შვილის დაფიცება, ხატზე დაფიცება, დედის დაფიცება, მამაოსთვის აღსარების ჩაბარება გამოსწორების პერსპექტივით) რომ ეს ბოლო თამაშია და ამის შემდეგ სამსახურს იშოვის, იმკურნალებს, თავს გაანებებს, პატრონი გულწრფელად აიტაცებს და მორიგი გამოუვალი მდგომარეობიდან იხსნის.

დათვური სამსახურის უფრო უარესი შემთხვევებიც შემხვედრია. 19 წლის ბიჭს, რომელმაც სახლიდან ოქროს სამკაული გაიტანა და ლომბარდში ჩააბარა, რათა ქუჩაში წაგებული ვალი გადაეხადა, მშობელმა არა მხოლოდ ვალის დარჩენილი ნაწილის გადასახდელი თანხა მისცა, არამედ "ღრმა მწუხარებაში ჩავარდნილს" მანქანა უყიდა - იქნებ ხასიათზე მოვიდესო. მანქანამ ერთი თვე გაძლო მის მფლობელობაში.

მალე უფროსი შვილისთვის ნაყიდი ბინა უფროსი შვილისვე შეთავაზებით გაყიდეს და გემბლერი შვილის "სიცოცხლე ასე გამოისყიდეს." ამ ოჯახს ჩემდა სამწუხაროდ არაფერი ეშველება. მალე ყველაფერს დაკარგავს, რაც კი წლების განმავლობაში შეუგროვებია და მხოლოდ მაშინღა მოეგება გონს. ან არ მოეგება. საქართველო სავსეა ოჯახის დამაქცევლის "ბოლომდე ერთგული" დედებით, მამებით, ცოლებით, შვილებით, და-ძმით.

წაიკითხეთ: ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

გემბლინგის დამანგრეველი ზემოქმედება არა მხოლოდ ოჯახის ფინანსურ ნაწილზე მოდის, არამედ ოჯახის წევრების ურთიერთობაზეც. "შენ შვილი არ გიყვარს. გინდა, რომ მოკვდეს!" ან "შენი ძმაა და ასე ხელაღებით უარის თქმა როგორ შეგიძლია!" - ამ სიტყვებით გემბლერის გამამართლებელი ოჯახის წევრი ხშირად ადანაშაულებს და ზრუნვის ნაკლებობაში სდებს ბრალს ოჯახის საღად მოაზროვნე წევრს.

ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, გემბლერს ოჯახის წევრები იმდენის განიავების უფლებას აძლევენ, რომ სხვა წევრებს (შვილებს, დებს, ძმებს) აღარაფერი რჩება. ისინი საშინელი უსამართლობის მსხვერპლები ხდებიან. ამ ადამიანებს სახლისა და სწავლის ფულის დაკარგვასთან ერთად ეკარგება მოსვენება, სიმშვიდე, ტკბილი და ალერსიანი ოჯახური გარემო, ზრუნვა და განვითარების შესაძლებლობა...

წყარო: Tamar Tandashvili Counseling and Psychotherapy ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს