მტკიცებულებებში საუბარია კონკრეტულ თანამდებობრივ და იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ ბრალდებული გიორგი მამალაძე, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, გამოძიებას ფარული აუდიო-ვიდეო მასალების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე სახეზე აქვს, რომ იგეგმებოდა ადამიანის მკვლელობა და ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივიც.
"არის შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლაზე, კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ ბრალდებული გიორგი მამალაძე. ამავდრულად საუბარია იმაზე, რომ პიროვნებას, ამ ყველაფრის განსახორციელებლად სჭირდებოდა "ციანიდი". ამავდროულად ჩვენ ამ ადამიანს ვაკავებთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, როდესაც ეს ადამიანი მიემგზავრება ბერლინში, სადაც იმყოფება პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.
კითხვაზე, არის თუ არა საქმეში საუბარი უშუალოდ პატრიარქზე, მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ საუბარი მრავალ თემაზე, მათ შორის პატრიარქზეცაა.
"თუმცა ერთმნიშვნელოვნად მე არც დავადასტურებ და არც უარვყობ, ეს პიროვნება იყო პატრიარქი თუ არ იყო პატრიარქი", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მისივე თქმით, პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პროკურატურამ შესაძლოა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, მოპოვებული მტკიცებულებები გამოაქვეყნოს.
"პატრიარქი ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ორშაბათისთვის ჩამობრძანდება და უკვე მისი უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ, ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ ამ საქმეზე. ჩვენ მაქსიმალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.