მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის კიდევ ერთი მოწმე ადვოკატი ლილი გელაშვილია. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის და ირმა ჭკადუა აღნიშნული საქმის მოწმეები ირაკლი მამალაძის მეშვეობით გახდნენ, რადგან მამალაძე მათთან კონსულტაციის მიზნით მივიდა.
როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი მამალაძე ადვოკატებს 24 იანვარს დაუკავშირდა და შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ქონის გამო მათთან კონსულტაცია გაიარა.
"დაგვიკავშირდა ირაკლი მამალაძე და გვთხოვა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მან მოგვაწოდა რაღაც ინფორმაცია, ოღონდ ეს არ იყო დაზუსტებული. ის გამოთქვამდა შიშს და ვარაუდს, რომ შესაძლოა, რაღაც ცუდი ხდებოდა. შოკისმომგვრელი ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ არ ჩაგვითვლია ეს აპრიორად უტყუარ ინფორმაციად. ამის შემდეგ ირაკლი მამალაძემ რამდენიმე მტკიცებულება წარმოგვიდგინა, რომელთა შინაარსზე და სხვა სახის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე გაფრთხილებულები ვართ, არ გავცეთ მთელი რიგი მონაცემები. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ჩვენ გავიგეთ, აშკარად მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სწორედ აქედან გამომდინარე ვურჩიეთ პროკურატურაში წასვლა", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
თავის მხრივ ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებებში, რომელიც მამალაძემ მას აჩვენა, ნახსენები იყო გერმანია, რამაც ადვოკატების ყურადღება მიიქცია. "იქ იყო საუბარი და ნახსენები გერმანია. ანუ ჩვენი პირველი ყურადღებაც წავიდა იქითკენ, თუ ვინ იმყოფებოდა გერმანიაში. ასევე მოთხოვნაც ციანიდზე იყო, რომ მას ნივთიერება ესაჭიროებოდა გერმანიაში წასვლამდე", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.