საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. როგორც ირაკლი მამალაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, მას გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გამოძიებიდან გაიგებს" , - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა და შემდეგ პროკურატურას მიაწოდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს მასალა ამ ეტეპზე საგამოძიებო უწყების ერთადერთი მტკიცებულებაა.
"ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის საყდრისის მცველი და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. წყაროს ცნობით, სწორედ მან ჩაწერა ეს ფარული ჩანაწერი. არ არის გვარების დამთხვევა, მას ნათესაური კავშირი აქვს თავად გიორგი მამალაძესთან", - განაცხადა გადაცემაში "არჩევანი" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.