10 თებერვალს სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მას ბრალად "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობის მომზადება ედება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, რომელმაც მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურის ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბარგის ჩხრეკისას ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს.
ნატრიუმის ციანიდი არაორგანული ნივთიერებაა და ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ცნობილია, ის ადამიანის უეცარ სიკვდილს იწვევს.
კონკრეტულად, რა ნივთიერებაა ნატრიუმის ციანიდი, რა ცვლილებას იწვევს ორგანიზმში და რა სიმპტომები ახასიათებს, ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას ვესაუბრეთ.
- ამ ნივთიერებას ლათინურად ნატრიუმის სოდიუმის ციანიდი ჰქვია, ე.ი. ნატრიუმის ნაერთია ციანიდთან ერთად, რომელიც ცნობილი შხამია. ნატრიუმის ციანიდის ნაერთს ბევრ რამეში იყენებენ, მასთან კონტაქტი საშიშია. ის მიეკუთვნება პირველი კატეგორიის შხამს.
არსებობს საერთაშორისო კლასიფიკაცია და ყველა ასეთი ქიმიური ნაერთი შესწავლილია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია ნატრიუმის ციანიდის მწვავე ტოქსიკურობა, ქრონიკული ტოქსიკურობა, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, კარცეროგენული მოქმედება და ა.შ. აუცილებელია გამოყენების მომენტში ვიცოდეთ, თუ როგორ და რანაირად მოქმედებს ეს ნივთიერება ადამიანზე.
- რა სიმპტომები ახასიათებს ნივთიერების მიღების შემდეგ?
- ამ ნივთიერების მიღება შეიძლება როგორც პერორალური გზით ანუ გადაყლაპვით, ისე შესუნთქვით თუ გაზია და კანით, ანუ, თუ კანი დაზიანებულია, უფრო მარტივად შეიწოვს შხამს. ეს შხამი თვალის ლორწოვანი გარსიდანაც კი იწოვება. ყველაზე საშიში სიტუაცია მაშინ არის, როდესაც შხამს ორგანიზმი ინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზით იღებს. იმის გამო, რომ ამ დროს ნივთიერება ღვიძლს არ გაივლის და პირდაპირ სისხლში ხვდება, უფრო ფატალურია. ეს ნივთიერება მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იმპულსების გადაცემა წყდება, ადამიანი მოდუნდება, თავბრუ ეხვევა, ეწყება ღებინება, თავის ტკივილი, ნელ-ნელა აპათიური ხდება, სუნთქვა უჩერდება, კომაში ვარდება, კრუნჩხვები ემართება და ბოლოს იღუპება.
- შესაძლებელია თუ არა ადამიანის გადარჩენა, რომელიც ნატრიუმის ციანიდს მიიღებს?
- რაც შეიძლება ბევრი ჟანგბადი უნდა მიიღოს, რომ სუნთქვა გააქტიურდეს, ასევე არსებობს ანტიდოტად მიჩნეული ამინიტრიტი, მაგრამ გააჩნია რა დოზით აქვს ადამიანს შხამი მიღებული. ეს არის სასიკვდილო ნივთიერება და რამდენიმე წუთში იწვევს მომაკვდინებელ შედეგს. მაქსიმუმ, გაგრძელდეს ერთი საათი. შეიძლება ადამიანი გადავარჩინოთ, შეიძლება ვერა. ეს ნივთიერება შეიძლება შეგვხვდეს როგორც თხევადი სახით, ისე აირადი და მყარი სახით.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE