თბილისის ამა თუ იმ ქუჩას, გამზირს, უბანს, შენობას, ხიდს, ძეგლს, ტრანსპორტს თავისი ისტორია აქვს, რომელიც წარსულის შესახებ ყოველთვის საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ამ ისტორიებიდან თუ ამბებიდან ზოგიერთი ნაცნობია, ზოგიც - უცნობი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წარსულის გახსენება ურიგო არცერთ შემთხვევაში არ არის.
თბილისის ფუნიკულიორი
ფუნიკულიორი თბილისში 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზეთი "კავკაზი" ავრცელებდა - ორივე სადგური (ზედა და ქვედა) დროშებით იყო მორთული. დილის 10 საათისთვის ფუნიკულიორის ქვედა დარბაზში თავი მოიყარა მოწვეულმა ხალხმა: ქალაქის თავმა, გამგეობის წევრებმა, სხვადასხვა საზოგადო დაწესებულების წარმომადგენლებმა. კურთხევის დაწყების წინ, დავითის ეკლესიის ხელმძღვანელმა, მაქაროვმა სიტყვა წარმოთქვა. მადლობა გადაუხადა ფუნიკულიორის თაოსნებს და მშენებლებს. წირვა-კურთხევის შემდეგ სტუმრები ვაგონში შევიდნენ...
წინა ბაქანზე მოთავსდნენ - მაქაროვი, ქალაქის თავი, ფუნიკულიორის მშენებელი ბლაში, ბელგიის ვიცე-კონსული აივაზოვი და სხვები. როცა ვაგონის წინ გაჭიმული ლენტი გადაჭრა, ქალაქის თავმა თქვა: "ქალაქ ტფილისის მოსახლეობის სახელით მივესალმები ამ ბრწყინვალე წარმოებას და ვაცხადებ, ტფილისის ფუნიკულიორს გახსნილად". გაისმა სასიგნალო ზარები და ვაგონი დაიძრა. ამასთან, ზედა სადგურიდან მეორე ვაგონმაც დაიწყო დაშვება.
6 წუთის შემდეგ ვაგონი ზედა სადგურთან გაჩერდა. გაისმა "ვაშა", შესრულდა მარში. სიმღერის თანხლებით მღვდელმა წმინდა წყალი სადგურსა და სამანქანო განყოფილებასთან შეკრებილთ აპკურა. სადგურის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები ზევით, მეორე სართულზე ავიდნენ...…
პეტერბურგის ჟურნალი "ნივა" (1905, N38) თბილისის ფუნიკულიორზე წერდა:
"ეს შესანიშნავი ნაგებობაა მოწყობილი ცნობილი უცხოეთის ფუნიკულიორების მსგავსად. რაღაც დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ქვედა ნოვგოროდში, მაგრამ იქაური ფუნიკულიორი ვერც კი შეედრება წმინდა დავითის მთაზე აგებულ გზას. ამჟამად თბილისის ფუნიკულიორი დიდი წარმატებით სარგებლობს თბილისის მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებითაც ესოდენ მდიდარია საქართველოს დედაქალაქი".
* * *
1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ბელგიელი ინჟინრის - ალფონს რობის პროექტი დაამტკიცა...
ხელშეკრულების თანახმად, ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას 45 წლის განმავლობაში გაუწევდა, შემდეგ კი, უსასყიდლოდ ქალაქს გადაეცემოდა... ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, - მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი ფრანგმა ინჟინერმა ბლანშმა შეადგინა, არქიტექტურული ნაწილი თბილისელ ხუროთმოძღვარს შიმკევიჩს ეკუთვნოდა. გზის მშენებლობას ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ხელმძღვანელობდნენ. მშენებლობაში დიდი წვლილი ნიკო ნიკოლაძემ შეიტანა, რომლის ინიციატივით, რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის მოკლე დროში შესრულდა.
თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33.
თბილისის ფუნიკულიორის გახსნას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა და ძველებური ზედა სადგურის ადგილას ახალი აშენდა. ძველი რესტორანი 1936-1938 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1968-1969 წელს კი ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად, ახალი შენობა აიგო, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს.
თბილისის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა თბილისში 1883 წლიდან გაჩნდა. თავდაპირველად ცხენის წევაზე მუშაობდა, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს კი, როგორც თბილისის ტრამვაის სისტემა, ასევე სატროლეიბუსოც ერთად გაუქმდა.
თბილისის ტრამვაის ისტორია, როგორც აღვნიშნეთ, XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და ელექტროტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე, სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. "კონკა" იყო, რომელიც 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის სადგურს ერთმანეთთან აკავშირებდა. შემდეგ მარშრუტი ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) გააგრძელეს, ხოლო 1904 წელს ხაზი კირხეს ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა) გაიყვანეს.
ელექტროტრამვაის ხაზის მშენებლობით ბელგიური კომპანია დაკავდა, რომელიც 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ იყო. 1910 წელს "კონკამ", რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ იყო, არსებობა შეწყვიტა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ.) ლიანდაგზე გადაყვანა, თუმცა ერთმეტრიანმა ლიანდაგებმა 1942 წლამდე იარსება. 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით... 1989 წელს კი ქსელის შეკვეცა დაიწყო, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის გაუქმებით დასრულდა.
მშრალი ხიდი
მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) თბილისში, 1849-1951 წლებში აიგო. ხიდის პროექტის ავტორი და მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ, XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მოედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი, მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობით კუნძული გაქრა, ხიდი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" ეწოდა.
მნიშვნელოვანია ხიდის თავში, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები "გრანდ-ოტელი" და "ლონდონი". კლასიცისტური ელემენტების მქონე შენობებს ხისა და რკინის აივნები აქვს.
დღეს არსებული ხიდი კი 1962 წელს არის უკვე აგებული (ინჟინერი - ქარცივაძე, არქიტექტორები - ყავლაშვილი, მელქაძე).
თბილისის მეჩეთი
მეჩეთი თბილისში, ნარიყალის ძირში, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარებს. ის ქალაქში ერთადერთი, დღეისთვის შემორჩენილი, მუსლიმანური სალოცავია.
მუსლიმი მოსახლეობა თბილისში არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც გადმოცემით, ირანის შაჰმა ისმაილ I-მა 1522-1524 წლებში ააშენა. ის 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს დაანგრიეს.
1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ის მეჩეთი სპარსელებმა გაანადგურეს. 1846-1851 წლებში კი არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აღდგა, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ნაცვლად ახალი აიგო, რომელიც ახლა თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია.
დავით აღმაშენებლის გამზირი
დავით აღმაშენებლის გამზირს თავიდან მიხეილის გამზირი ეწოებოდა, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (ნიკოლოზ I-ის შვილი) პატივსაცემად (გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს შენობა დღემდე შემორჩა სახელი "მიხაილოვი"). გამზირს 1918 წელს რუსი მარქსისტის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პლეხანოვის სახელი დაერქვა, რომელიც 1990 წელს დავით აღმაშენებლის სახელით შეიცვალა.
დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო 2011 წლის 23 ნოემბერში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და თბილისის მერმა განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი გახსნეს.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE