არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მრევლს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. არქიმანდრიტმა იოანემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა, რომ 13 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დაგეგმილი. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.