პარლამენტი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპებში მიიღოს ის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებას, - ამის შესახებ კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში" საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომზადებულია კონკრეტული წინადადებები.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. მომზადებულია კონკრეტული, მათ შორის საგანგებო წინადადებები. ახლა, მთავარია უშუალოდ გადავიდეთ მოქმედებაზე, რათა სისრულეში მოვიყვანოთ დასახული გეგმები. პარლამენტი მზად არის მაქსიმალური მობილიზებით მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ რეფორმას, რომელიც არის დაგეგმილი. პარლამენტი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაჩაქრებულ ტემპებში მივიღოთ ის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებას", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია.
"ამ საკითხის აქტუალურობას მოწმობს ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის. ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც უკავშირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, არის შემაშფოთებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოებას ჩვენ ქვეყანაში. ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია, როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები. შეგვიძლია მოვიყვანოთ შედარებები სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც არის მძიმე სურათი. არის რესურსი, რომ თვისობრივად გაუმჯობესდეს მდგომარეობა ამ მიმართულებით და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა. ამისთვის, ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ შევცვალოთ ვითარება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.