საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა. იმ პროცესში მონაწილეობა, როდესაც შენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასარგებლო საქმე იწყება. როდესაც ვხედავთ, რომ ახალი საგანმანათლებლო კერა ფუძნდება. როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას, ახალგაზრდა თაობის აღზრდას. ეს ადამიანები არიან ჩართულები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაში. 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე და ხაზგასმით მინდა მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა 2017 წელს და ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უაღრესად კარგია, რომ თქვენ იწყებთ ამ საქმეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახარებს, რომ ჯგუფთან ერთად პროცესებში ჩართული არის სულიკო ქადაგიძე. პრეზიდენტმა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი სულიკო ქადაგიძე დღევანდელ ღონისძიებაზე განათლების სისტემაში შეტანილი ღვაწლისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და 17 წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა, როდესაც სულიკო ქადაგიძე EშM-ის ხელმძღვანელი, თავად კი "ჯიპას" წარმომადგენელი იყო.
"თქვენ მასწავლიდით როგორ, რა პრინციპებით, რა მიმართულებით განმევითარებინა ჯიპა", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სულიკო ქადაგიძეს და მადლობა გადაუხადა მისგან წლების განმავლობაში მიღებული კონსულტაციებისა და დახმარებისთვის.
თავის მხრივ სულიკო ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის 40 წელია განათლების სისტემაში მუშაობს და ეს არის ცხოვრებაში მისი პირველი ჯილდო. მეცნიერი დააჯილდოვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმაც. მას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან განათლების სისტემაში შეტანილი ღვაწლისთვის საპატიო ლექტორის სერტიფიკატი გადაეცა.
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველ ნაბიჯებს დგამს, რომელიც შეეხება ქვეყანაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ვფიქრობთ, ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას. დღეს სიმბოლური იყო, რომ ერთ-ერთი პირველი ბიზნესსკოლის დამფუძნებელი ბატონი სულიკო, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გვერდში უდგას და ახალი უნივერსიტეტი ერთობლივად იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამას უკვე მოჰყვა ბრიტანული ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის, ჩვენს უნივერსიტეტში შემოსვლა, ასევე უახლოეს პერიოდში იგეგმება საკმაოდ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა ჩვენს სივრცეში. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში ხვალინდელი დღის ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის", - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.