გიხაროდენ, ბოლო რიგში მჯდომი თქვენი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა და კონტრრევოლუცია მოახდინა - ქალბატონ მანანა კობახიძის წყალობით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერასდროს მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც მოსმენებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციური და უკანონო კანონი შეაჩერა, - აღნიშნული განცხადებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა.
"პარლამენტი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, რა თქმა უნდა, ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს. ჩვენ დაგვეკარგა ბოლო შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთივე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც წინა კანონზე მიიღო. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოში დაბანაკებული პირების მიერ განხორციელებული რევოლუციის შედეგად. ჩვენ რევოლუციონერი მოსამართლეები გვყოლია! საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძემ კოლეგებს დღეს იეთიმ გურჯის სიტყვებით მიმართა.
"გახსოვთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას რომ შეგეშალათ და ჰიმნის ნაცვლად "შალახოს" უკრავდით. ახლა მობილურს ჩავრთავდი და აი, აქ იეთიმ გურჯს დავუკრავდი: რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია, ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია! - მკვდარია საკონსტიტუციო სასამართლო. ვის შევჩივლოთ?! - რუსთაველი მოკლა მანანა კობახიძემ თქვენი თამადობით. სად გავასაჩივროთ?! - ახლა იეთიმ გურჯს მოვიტან და ვამღერებ აქ, მეორედ რომ მოვალ!", - მიმართა კოლეგებს გოცირიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.