კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც წარმატების აუცილებელი კომპონენტი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც წარმატების აუცილებელი კომპონენტი

"თიბისი ბანკის" დაფინანსებით ფიროსმანის ორ ნამუშევარს "თამარ მეფესა" და "რუსთაველს" რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგენილი ნამუშევრები, მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთად, თიბისი გალერეაში გამოიფინა. გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. გამოხმაურება იმდენად დიდია, რომ თიბისიმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოფენის კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. ექსპოზიცია 23 თებერვლამდე გაგრძელდება.

"ნიკო ფიროსმანის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდი იყო, თუმცა საგანმანათლებლო ტურების დამატებამ დაინტერესება ბევრად გაზარდა. 60-მდე სკოლა დარეგისტრირდა და უკვე ყველა მათგანიდან გვყავდა 20 ბავშვიანი ჯგუფები. შედევრების დათვალიერების პარალელურად, მოსწავლეებს გალერეაში გიდი ხვდებათ, რომელიც მხატვრის შესახებ უამბობს, ასევე ბავშვებს ვთავაზობთ ინტერაქციულ თამაშებს. გადავიღეთ მოკლე ანიმაციური ფილმიც, სადაც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე ვუყვებით ვინ იყო ნიკო ფირომანი და რა წვლილი მიუძღვის მას მხატვრობაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი გამოვიდა, ჩვენი მიზანი მიღწეულია, გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობა შემოვუნახეთ ახალ თაობას, ბავშვებში ფიროსმანის სიყვარულის პატარა მარცვალი ჩავდეთ , რაც გვჯერა, რომ კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა, რომელიც ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებში შედის, სწორედ ამ ერთ პროექტში გაერთიანდა," - AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს თიბისი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უფროსი მენეჯერი თეო ლეჟავა.

- ზოგადად, რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რით განსხვავდება ის ქველმოქმედებისგან?

- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოსთვის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის შედარებით ახალი თემაა. თავდაპირველად იყო ქველმოქმედება, შემდეგ ეტაპზე, კორპორაციების ზრდასთან ერთად, მათი მოთხოვნებიც გაიზარდა და ქველმოქმედებიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი გაჩნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქველმოქმედება გაქრა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი საქმიანობის ისე წარმართვას, რომ ამ საქმიანობაშივე შეიტანო პასუხისმგებლობა, გარკვეული პასუხისმგებლობა დაუწესო საკუთარ თავს. ქველმოქმედება არის კეთილი საქმე, რომლისგანაც უკუკავშირს არ ელოდები. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობისგან კი შედეგი უნდა მიიღო. შენ ზრუნავ სფეროს განვითარებაზე, რომ მერე უკეთ აწარმოო საქმიანობა განვითარებულ ბიზნესგარემოში. დიდ ბიზნესებს, როგორიც ჩვენ ვართ, კონკრეტულ სფეროებზე ზეგავლენის მოხდენის დიდი ბერკეტები აქვთ. ჩვენ, როგორც ქვეყანაში პირველ ფინანსურ ინსტიტუტსა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, კონკრეტულ სფეროებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა ნამდვილად შეგვიძლია და ამას ვაკეთებთ კიდეც.

ჩვენ შეგვეძლო ფიროსმანის შედევრების აღდგენისთვის საჭირო თანხა უბრალოდ გადაგვერიცხა და ამით დაგვესრულებინა საქმე. თუმცა, ჩვენ რესტავრაციის დაფინანსებას დავუმატეთ საგანმანათლებლო კომპონენტი, ჩავრთეთ სკოლები და მოსწავლეები და მივიღეთ კარგი პროექტი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- კორპორაციულ სოციალურ პასუხსიმგებლობას რამდენიმე მიმართულება აქვს. რომელი მათგანია "თიბისი ბანკისთვის" ყველაზე პრიორიტეტული და რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით?

- ჩვენთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 4 მიმართულებაა და ყველა მათგანს თანაბრად ვუჭერთ მხარს. უპირველესი ბიზნესის წახალისება, მხარდაჭერა და განვითარებაა. ბიზნესდაჯილდოება, რომელიც შარშან გავაკეთეთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გვაქვს უფასო ტრენინგები ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის, კონსულტაციები, ფინანსური განათლების სხვადასხვა პროექტი, ამით მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში ვეხმარებით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს შორის განაკუთრებული ადგილი ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვას უჭირავს. ვცდილობთ, განათლების, განვითარების კუთხით დავეხმაროთ. სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩვენი სტიპენდიანტები გვყავს. მხარს ვუჭერთ მოსწავლე- გამომგონებელთა სამეცნიერო კონკურსს "ლეონარდო და ვინჩი". ამ კონკურსის გამარჯვებულებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დავუნიშნეთ და ა.შ.

კულტურის განვითარებაზე ზრუნვა დიდი ხანია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ასევე ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა. ამ კუთხით პროექტი "12" კარგი მაგალითი იყო. ჩვენ ახალი საბანკო პროდუქტი გამოვუშვით, თუმცა მასში ხელოვანების და ახალგაზრდა შემოქმედების ჩართვა მოვახერხეთ. 12 ახალგაზრდა არტისტი მოვიწვიეთ და მათი ნამუშევრები ჩვენი "ფეი სტიკერების" ვიზუალად გამოვიყენეთ. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელოვნებისა და ბიზნესის ინტეგრაცია.  გვაქვს სივრცეები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მუდმივად ვმასპინძლობთ საინტერესო პროექტებსა და ინიციატივებს.

ჩვენს პროექტებში რაგბი გამოვყავით ცალკე, არა როგორც სპორტი, არამედ როგორც ახალი თაობის მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, ქართული კულტურის ნაწილი. თვითონ მორაგბეებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ რაგბი მხოლოდ სპორტი არაა. ჩვენც ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. რაგბის სპონსორობა არის ცალკე და ცალკეა მის განვითარებაზე ზრუნვა, როგორც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაგბი უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ ჩვენს ქვეყანაში. ანიმაციურ ვიდეოებს ვაკეთებთ , სადაც თვითონ მორაგბეები ყვებიან რაგბის ისტორიას, თამაშის წესებს აცნობენ გულშემატკივარს. ახლახანს რაგბის კავშირთან ერთად რაგბის პირველი ონლაინ მაღაზია გავაკეთეთ, სადაც გულშემატკივარს ძალიან საინტერესო ნივთების და სუვენირების შეძენა შეუძლია.

განასკუთრებულია, მზიურის აღდგენის პროექტი, რადგან მასში ბანკის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. 5 000-მა თანამშრომელმა გადაიღო 2 წამიანი ვიდეო ტექსტით "გამარჯობა", საერთო ჯამში შეიქმნა 5 000 პიქსელიანი ვიდეო და შეგროვდა 50 000 ლარი, რომელიც სტიქიის შემდეგ მზიურის აღდგენას მოხმარდა. ჩვენ შეგვეძლო, რომ ეს თანხა ბანკის ანგარიშიდან გადაგვერიცხა, მაგრამ უკეთესი გზა ავირჩიეთ - თითოეული თანამშრომელი პირადად გავხადეთ ამ საამაყო საქმის თანამონაწილე. შედეგად მზიური გამოცოცხლდა და უკვე ბევრ ადამიანს მასპინძლობს.

- თანამშრომლებზე ზრუნვა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ კუთხით რა აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებთ?

- გვაქვს თიბისი აკადემია, სადაც ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია. გვაქვს ასევე უცხოეთში სწავლის დაფინანსების პროგრამებიც. ეს ყველაფერი საგანმანათლებლო კუთხით, თუმცა გვაქვს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტებიც.

განსაკუთრებულად ვზრუნავთ მრავალშვილიან თიბისელებზე. ჩვენთან სამ შვილიანი ოჯახი უკვე მრავალშვილიანად ითვლება. მე-4 და ყოველ შემდგომ შვილზე საკმაოდ სოლიდური პრემიით ვასაჩუქრებთ.

ყოველწლიურად ახალი მრავალშვილიანი დედების დაჯილდოება გვაქვს, სადაც სპეციალურად მათთვის შექმნილ მინანქრის ბროშს გადავცემთ, რომელსაც ორდენი დავარქვით. წელს 50 ახალი მრავალშვილიანი დედა გვყავს. ჩემპიონები კი 6 შვილის მამა და 5 შვილის დედები არიან. ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობთ და ვფიქრობთ, რომ თანამშრომლებზე ზრუნვა გამოგვარჩევს სხვა დამსაქმებლებისგან. ასევე, გვაქვს ფონდი "თიბისელები თიბისელებისთვის", სადაც ნებისმიერი თანამშრომელი ნებაყოფლობით ხელფასის 1 პროცენტს ან სურვილისამებრ, მეტს რიცხავს. ამ ფონდში შეგროვილ თანხას განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებთ, როცა თიბისელს ან მისი ოჯახის წევრს მხარდაჭერა ესაჭიროება. ბანკ "რესპუბლიკის" შემოერთების შემდეგ უკვე 6000 გავხდით, ეს ძალიან დიდი ძალაა, პრობლემის გადაჭრისას ურთიერთთანადგომა ხშირად გადამწყვეტია ხოლმე.

- 2017 წელს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში რა პროექტები გაქვთ დაგეგმილი?

- წელს საიუბილეო წელი გვაქვს. 2017 წლის 17 დეკემბერს თიბისი ბანკი 25 წლის ხდება. ეს საიუბილეო თარიღი ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული მხარდაჭერით გვინდა აღვნიშნოთ. ასევე, აქტიურები ვიქნებით რაგბის, კულტურისა და ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით კუთხით.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი