"პალიტრანიუსის" წამყვანი და ჟურნალისტი - თამთა ასათიანი მთელი დღე ვებსივრცეში ტრიალებს: ცდილობს, ვირტუალურ სამყაროში განთავსებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გაეცნოს და ახალი ამბები ტელევიზიის მაყურებლებსაც გააცნოს. ვირტუალურის გარდა, თამთა რეალურ სივრცეშიც აქტიურად მუშაობს... საქმეზე შეყვარებულ ჟურნალისტს სამუშაო დღის დასაწყისში ვესაუბრე...
- ჩემთვის "პალიტრანიუსში" მუშაობა ძალზე საინტერესოა, რადგან ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ, რაც პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, მაყურებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად მივაწოდოთ - "პალიტრანიუსი" ახალი ამბების ტელევიზიაა. გვიხარია, რომ მაყურებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება გვაქვს. ჩვენი ტელევიზიით, მაყურებლებს ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სფეროში შეუძლია - ძალიან მარტივად და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად.
"პალიტრანიუსი" ისეთი ადამიანებისთვის არის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია და ცდილობენ, მინიმალურ დროში მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ. მიხარია, რომ ასეთ ტელევიზიაში მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ტელევიზია ჩემ თვალწინ იზრდება და ვითარდება. ამ პროცესში ჩემი წვლილიც შემაქვს.
- რამდენი ხანია, რაც "პალიტრანიუსში" მუშაობ?
- თითქმის 4 წელია, რაც "პალიტრამედიაში" ვმუშაობ. თავდაპირველად, "პალიტრა ტვ"-ში ვიყავი. რა თქმა უნდა, ეთერში ახალი ამბები იქაც გადიოდა, თუმცა, ისეთი ფორმატით არა, როგორითაც "პალიტრანიუსში". როცა არხმა ფორმატი შეიცვალა, სარისკო იყო, რადგან ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ფორმატის სხვა არხი არ არის, სადაც მაყურებელს ინფორმაციას ძალიან მოკლე ნიუსების სახით აწვდიან. დღესდღეობით, როცა რეიტინგებს, სოციალური ქსელებში გამოხმაურებას ვხედავთ, ჩანს, რომ საზოგადოებას ეს ფორმატი მოსწონს - მათთვის ეს ძალიან მისაღები და ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, "პალიტრანიუსმა" გაამართლა, მით უმეტეს, რომ ჯერ ერთი წელია, რაც ახალი ფორმატით მაუწყებლობს. ბევრი ადამიანის სახლში "სასურველი სტუმრის" სტატუსი დაიმკვიდრა და ინფორმაციის სანდო წყაროდ იქცა. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტ მაყურებელს შევიძენთ და მათ ნდობას გავამართლებთ.
- როგორც ვიცი, გასართობ-შემეცნებითი გადაცემები "პალიტრანიუსის" ეთერშიც გადის...
- დიახ, თუმცა ისეთი ფორმატის არ არის, როგორიც მაგალითად, გადაცემა "მიმიხვდი" იყო. არხზე მხოლოდ "მძიმე" თემები (რაც მაყურებელს აინტერესებს) რომ არ ყოფილიყო, შედარებით "მსუბუქი" რუბრიკების შემოტანაც გადავწყვიტეთ. მათ შორის არის "ვებნიუსი", რომლის წამყვანიც გახლავართ. გადაცემა ინტერნეტსივრცეზეა დაფუძნებული - მოგეხსენებათ, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ. დღის განმავლობაში, რამდენიმე კოლაჟს ვამზადებთ, სადაც ინტერნეტში (მათ შორის - პალიტრატვ.გე-ზე, ამბები.გე-ზე, "ფეისბუკზე"...) ყველაზე პოპულარული ვიდეოები გვაქვს წარმოდგენილი. საზოგადოებას ინტერნეტში პოპულარულ ამბებს, ინტერნეტგმირებს ვაცნობთ. დღის განმავლობაში ეთერში 2 კოლაჟი გადის, ხოლო დღის ბოლოს უკვე მე და პალიტრა ტვ-ს რედაქტორი - გიორგი გიორგაშვილი ყველაზე პოპულარულ ვიდეოებს, "პალიტრამედიის" საინფორმაციო პორტალებზე გამოქვეყნებულ პოპულარულ სტატიებს პირდაპირ ეთერში მიმოვიხილავთ. ასევე, კარგია, რომ "ვებნიუსის" შექმნაში მონაწილეობა მაყურებელსაც შეუძლია - ისინი სოციალურ ქსელში ყოველდღე უამრავ საინტერესო ვიდეოს გვიგზავნიან.
- რას გვეტყვი სხვა გადაცემებზე?
- "ბლიც ინტერვიუს" რაც შეეხება, ეს უფრო შემეცნებითი რუბრიკაა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ინტერვიუებს საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანებისგან ვიღებთ, ვისაც მნიშვნელოვანი კვალი დაუტოვებია. ეს ადამიანები ჩვენთან იმ თემებზე ძალიან გულახდილად საუბრობენ, რაზეც სხვაგან არ უსაუბრიათ. სხვათა შორის, როდესაც ინტერვიუებს ვიღებთ, რესპონდენტები ყოველთვის გვეუბნებიან, - ჩვენც გვიკვირს, ასეთი გულახდილები რატომ ვართო? ალბათ, სწორედ გულახდილობა, გულწრფელობაა იმის მიზეზი, რომ "ბლიც ინტერვიუს" ციკლი მაყურებლებში პოპულარობით სარგებლობს. ფაქტობრივად, ამ ინტერვიუების სახით, "პალიტრანიუსმა" "ოქროს ფონდი" შექმნა, რადგან თავი მოუყარა ძალიან საყვარელი ადამიანების საუბრების მნიშვნელოვან არქივს. უკვე 100-ზე მეტი "ბლიც ინტერვიუ" გვაქვს... იმავე ფორმატის კიდევ ერთი რუბრიკა - "ბიზნესბლიცი" გვაქვს საქმიანი მაყურებლებისთვის, რომელშიც ჩვენს შეკითხვებს ცნობილი, წარმატებული ქართველი ბიზნესმენები პასუხობენ, თუ როგორ დაიწყეს ბიზნესი, როგორ მიაღწიეს წარმატებას, როგორი რთული გზა გაიარეს და ა.შ. ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის შესაძლოა, "ბიზნესბლიცი" სტიმული გახდეს, საკუთარი იდეები თავადაც წარმატებით რომ განახორციელოს.
- შეგიძლია, ყველაზე შთამბეჭდავი "ბლიცი" გაიხსენო?
- მაგალითად, კახი კავსაძესთან ძალიან კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა. ბატონმა კახიმ პირად საკითხებზე ძალზე გულწრფელად ილაპარაკა. გაგვიზიარა, თუ რას განიცდიდა, როცა მისი მეუღლე ავად იყო... ინტერვიუს მსვლელობისას ატირდა კიდეც... შემდეგ, ამ ვიდეოს ინტერნეტშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ასეთი ადამიანის გულწრფელი ინტერვიუ ძალზე მნიშვნელოვანი იყო... ელდარ შენგელაია ქალიშვილის გარდაცვალებაზე გვესაუბრა... ბევრი გულწრფელი ინტერვიუ გამოგვივიდა, რომელიმე მათგანის გამოყოფა მიჭირს.
- "პალიტრანიუსისთვის" სიუჟეტების მოსამზადებლად როგორ იცლი?
- ძირითადად, სიუჟეტებს კულტურის ბლოკისთვის ვამზადებ - გვინდოდა, მაყურებლები კულტურის სიახლეების საქმის კურსშიც ყოფილიყვნენ. თავდაპირველად, ცოტათი მეშინოდა. ვიფიქრე, - საქართველოში განა რამდენი კულტურული ღონისძიება შეიძლება იყოს, რომ სიუჟეტები არ მომაკლდეს-მეთქი? საბედნიეროდ, თითქმის ყოველკვირა სპექტაკლის, ფილმის პრემიერა იმართება, კონცერტი ტარდება, რეჟისორები ახალ ნამუშევრებს ქმნიან... ამის შესახებ სიუჟეტებს ვამზადებ.
- თამთა, ახლა მოგვიყევი, სამსახურის მიღმა როგორი ხარ, რას აკეთებ, როგორ ერთობი?
- "პალიტრანიუსს" ჩემს ცხოვრებაში ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ სამსახურის მიღმა როგორი ვარ, დიდად არ მახსოვს. ფაქტობრივად, აქ ჩემი მეორე სახლია. "პალიტრანიუსში" გაცილებით მეტ დროს ვატარებ, ვიდრე შინ. სამსახურის მიღმა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ვარ: ვერთობი, როგორც ყველა ადამიანი. მეგობრების გარემოცვაში ვარ, სახლში ყოფნაც მიყვარს და ვცდილობ, მაქსიმალურად საინტერესოდ გავატარო დრო. მხიარული, კომუნიკაბელური ვარ. სამუშაო დღის ბოლოს, მეგობრებთან ერთად, თეატრში, კინოში მივდივარ ან უბრალოდ სადმე ყავის დასალევად შევდივართ, ვსაუბრობთ... სამსახურის მიღმა, დიდად მრავალფეროვანი ცხოვრება არ მაქვს.
- პროფესიით ჟურნალისტი ხარ?
- დიახ. ჟურნალისტობა გადაწყვეტილი არ მქონდა - მინდოდა, მემღერა, რადგან ბავშვობდიან ვმღეროდი. რამდენიმე სტუდიაშიც დავდიოდი... რატომღაც მეგონა, ჩემი ცხოვრება სიმღერის სფეროსკენ წარიმართებოდა, მაგრამ როდესაც უკვე არჩევანის წინაშე დავდექი, მივხვდი - ჟურნალისტობა მინდოდა. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ მივხვდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ: ეს ის საქმე იყო, რისი გაკეთებაც მინდოდა. ცოტა ხანს რადიოში ვმუშაობდი. შემდეგ "პალიტრაში" მოვხვდი: დილის გადაცემის წამყვანად 3 თვე უნდა მემუშავა, რადგან გადაცემის წამყვანი შვებულებაში გადიოდა და უნდა შემეცვალა. აქაურობას ისე შევეჩვიე, გული მწყდებოდა, რომ 3 თვე იწურებოდა... ძალიან მიხარია, რომ დავრჩი. "პალიტრამედიაში" მუშაობით არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ადამიანურადაც ძალიან გავიზარდე. ბევრი მეგობარი შევიძინე. მიხარია, რომ ასეთ კარგ გუნდთან ვმუშაობ, რომელიც ახალი ამბების ტელევიზიას "აკეთებს"...
- სატელევიზიო ეთერი შენი ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის თუ გამოგიყენებია?
- შეიძლება, ითქვას, რომ - არა. უბრალოდ, ერთხელ, წინასაახალწლოდ გვინდოდა, რომ მაყურებლებისთვის ახალი წლის დღესასწაული განსხვავებულად მიგველოცა. თანამშრომლებმა საახალწლო სიმღერის "გაკეთება" გადავწყვიტეთ: ერთ-ერთი უცხოური ჰიტი "გადმოვაქართულეთ", ჩვენი ტექსტი მოვარგეთ... მხიარული, საინტერესო გამოვიდა. შემდეგ, ეს სიმღერა რადიოში "ტრიალებდა"... ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ძველი ჰობი გავიხსენე. სიმართლე გითხრათ, სიმღერა მივივიწყე. მხოლოდ მეგობრებში ან კარაოკე ბარში იშვიათად თუ ვიმღერებ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"