მომღერალი დათო კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ ფოლკლორული სიმღერების შესრულებით გაიცნო და სოციალურ ქსელსა თუ "იუთუბზე" ძალიან პოპულარულია, ცხოვრების თანამგზავრად, არც მეტი არც ნაკლები, ანგელოზზე ლამაზ ქალს ეძებს. სწორედ ამ იდეალს უმღერის დიდი გრძნობით თავის სიმღერებში 31 წლის მუსიკოსი.
- თქვენს ერთ სიმღერას კი Youtube-ზე 10 მილიონი ნახვა ჰქონდა...
- დიახ, ეს იყო თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა "რამდენი მალოდინე", რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა. ჩემამდე ამ სიმღერას ბევრი მღეროდა, მაგრამ მე მერგო აღიარება. მადლობა ღმერთს ამისთვის! ბევრს არ მოსწონს, მაგრამ უმრავლესობა აღფრთოვანებულია და ეს მახარებს.
ამ შრომამ ბევრი ქვეყანა მომატარა. ახლახან ირანიან დავბრუნდი, სადაც ფერეიდნელი ქართველებისთვის ვიმღერე. ორი კონცერტი ჩავატარე. ამ ქვეყანაში არ ვიყავი ნამყოფი და იქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე მეტად ქართველობენ.
იმხელა სიყვარული შეუძლიათ, ვერ აღვწერ. სასტუმროს ნომერში რომ ავდიოდი, ყვავილები მხვდებოდა. თუ მომსახურე პერსონალს ვეტყოდი, დასვენება მინდა და არავინ შემაწუხოს-მეთქი, კართან მიტოვებდნენ ყვავილებს.
მივხვდი, აქ რომ ჩამოდიან, რატომ არიან გაკვირვებულები, ჩვენი სამშობლო სამოთხეა იმასთან შედარებით, სადაც ცხოვრობენ. ქართველობით კი ჩვენ გვაჯობეს, რადგან 400 წელი ჩვენთან შეხება არ ჰქონდათ და ქართული არ დაივიწყეს.
- ერთი მანქანის გაყიდვამ შემოსავალი ისე გაგიზარდათ, რომ ახლა სამი ავტომობილის პატრონი ხართ...
- დიახ, სამი მანქანა მყავს. შემოსავალი საზღვარგარეთ სიმღერას მოაქვს. საქართველოში _ არაფერი. ყველგან მხოლოდ ქართულ სიმღერას ვმღერი. როცა მე ჩავწერე "შენმა სურვილმა დამლია", მაშინ დაიწყო ყველამ ფანდურით ხელში მთის სიმღერების შესრულება. მგონი, მაშინ გაიგეს, ვინ იყო ლელა თათარაიძე თუ თეონა ქუმსიაშვილი. მე შემოვიტანე ეს კულტურა და დავამკვიდრე.
- საკმაოდ ამბიციური განცხადებაა...
- ეს ამბიციასთან კავშირში არ არის, მართლა ასე იყო, მაგრამ, სხვათა შორის, იმ დონემდე მივედი, რომ ბრძოლა დამეწყო საკუთარ თავთან ამპარტავნებასა და თავმდაბლობას შორის. საკუთარ თავს ეს რომ შევამჩნიე, ჩემს მოძღვართან გავიქეცი. ცოტა ხანს მონასტერშიც ვიყავი და რაღაც-რაღაცები გადავაფასე.
- რთული პიროვნება ხართ?
- ძალიან. შეიძლება ითქვას, უმძიმესიც.
- ქალს გაუჭირდება თქვენი გაძლება?
- კი, ნამდვილად გაუჭირდება. ხელოვანი ვარ და სხვაგვარად აღვიქვამ ყველაფერს. ჩემს წარმოსახვაში არსებობს ქალის იდეალი. არც ვიცი, როგორია ვიზუალურად, მაგრამ მას ვუმღერი.
- ის ქალი ლამაზია?
- ალბათ ანგელოზზე უფრო ლამაზი. თან ჩემი კარგად უნდა ესმოდეს. ქალი მიუწვდომელი უნდა იყოს.
- ბევრი უნდა გახვეწნინოთ და გალოდინოთ?
- კი, თორემ გოგო რომ გეტყვის, სექსით დავკავდეთო, ჩემთვის მიუღებელია, განა იმიტომ, რომ შეგრძნებები არ მაქვს, უბრალოდ, არ მომწონს, როცა ქალი აქტიურობს. თუ ვერ ვნახე ჩემი იდეალი, ვიქნები ასე მარტო და თავისუფალი.
რუსუდან ადვაძე
ჟურნალი "სარკე"