"აუდიტორია 115"-ის ფეისბუქის გვერდზე "ბიბლუსი გალერის" რამდენიმე კონსულტანტის მიმართვა გავრცელდა, რომლებიც "მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე" საუბრობენ.
ვიდეომიმართვაში 6 ახალგაზრდა რამდენიმე პუნქტიან განცხადებას კითხულობს. ისინი ამბობენ, რომ აქვთ "მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი", მათი თვიური ანაზღაურება 300 ლარია და ა.შ.
დავუკავშირდით ვიდეომიმართვის ორ მონაწილეს, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ მათ. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი აკაკი ზოიძე რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მეორე კი - შალვა ლაცაბიძე "ბიბლუსი გალერის" მოქმედი თანამშრომელია.
შალვა ლაცაბიძის თქმით, ისინი კონტრაქტის პირობების გადახედვას მოითხოვენ:
"ჩვენი მოთხოვნებია რომ გადაიხედოს კონტრაქტის პირობები, ყველაზე მთავარი ისაა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში უნდა დაბრუნდნენ და კონსულტანტების ის ჯგუფი, რომელიც უკვე დიდი ხანია ერთად მუშაობს, არ დაიშალოს.
ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ 8 საათზე მეტი უნდა ვიყოთ სამსახურში, დარჩენას არავინ გვავალებს. გვიწევს სამსახურში დარჩენა ჩვენი ნებით. რადგან ვმუშაობთ გეგმის შესრულებაზე, ხელფასი არ არის საკმარისი და ვართ დამოკიდებული ბონუსზე. გეგმის შესრულებას კი ჭირდება ხალხთან მუშაობა.
ჯარიმები გვეჭრება ბონუსიდან, მართალია ამ ბოლო დროს თანხის ჩამოჭრა არ მომხდარა, მაგრამ არაშესაბამისი ბონუსი დაირიცხა. უფრო მეტი სამუშაო გავწიეთ და ამას ჩვენი პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ ჩვენი თანამშრომლები გაათავისუფლეს. ვიდეოში 6 ადამიანი ვჩანვართ, თუმცა რეალურად უფრო მეტნი ვართ, ჯამში 18" - ამბობს ლაცაბიძე.
გათავისუფლებული თანამშრომელი აკაკი ზოიძე იმ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც მისი აზრით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"4 თებერვლისთვის დამიკავშირდნენ და მე და ჩემი მეგობარი ლევანი დაგვიბარეს ოფისში, სადაც გათავისუფლების დოკუმენტი წარმოგვიდგინეს. რა თქმა უნდა, დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, რადგან არ ვეთანხმებით. დეკემბერში ჩვენ არარეალური გეგმა შევასრულეთ, შესაბამისად მაღალ ანაზღაურებას ველოდით. ჩვენ გავაპროტესტეთ, იქ მოხდა ხმამაღალი საუბარი. აქედან გამომდინარე, ბრალს იმაში გვდებენ, რომ ზემდგომ ადამიანებს უხეშად ველაპარაკეთ.
ახალი მენეჯერი მოვიდა და თავიდან იყო საუბარი რომ ახალ გუნდთან უნდა მოსულიყო, თუმცა მან ძველებთან დარჩენა ისურვა. ჩვენც ძალიან კარგად შევეწყეთ, დეკემბერში ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ეს მთავარ ოფისს არ მოწონდა და თავიდანვე გუნდის დაშლა უნდოდათ. საახალწლო ამბების გადაგორების შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე საქმე გავუკეთეთ, ძალიან დაბალი ბონუსები დარიცხეს. ჩვენგან რეაქცია მიიღეს და შემდეგ გამოგვიშვეს კიდეც. ჩვენს შემდეგ კიდევ დაიბარებდნენ სხვებს და ასე დაშლიდნენ გუნდს. ვფიქრობთ, რომ ასეთი შეკრული გუნდი არ აწყობთ, რადგან 18 ადამიანი უკვე ერთი შეკრული გუნდია.
ბონუსების სისტემა თითქოს არსებობს, თუმცა ჩვენი დაანგარიშება არასდროს არ ემთხვევა. დაფარული სისტემაა. დეკემბერში "ბიბლუსი გალერი", სადაც მე ვმუშაობდი განსხვავებული ფორმატით მუშაობს - აქ არის საახალწლო კოლექცია, ჭურჭელი და სხვა. სხვა ფილიალებში მხოლოდ წიგნები და საკანცელარიო ნივთებია. ჩვენ ღამეები გავათენეთ, ისევ ჩვენთვის რომ საქმე გაგვეკეთებინა - გეგმა დაგვიდეს 320 ათასი ლარი. ესაა რეკორდი, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და ბონუსი დაგვერიცხა იმდენივე, რაც სხვა ფილიალებს დაერიცხათ. ზუსტ თანხას რამდენს ველოდით, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ თითქმის 30-40 პროცენტით მეტს ველოდით," - განგვიმარტა ზოიძემ.
ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს "ბიბლუსის" ადმინისტრაციაშიც, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის მზად არიან. "ბიბლუსის" გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის თქმით, აღნიშნული პირების მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი სწორედ იმდენი ხნით და ისეთ პირობებში მუშაობენ, რაც წესდებასა და შინაგანაწესშია გაწერილი:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ვიდეომიმართვა ამ სახით გავრცელდა, რადგან მასში სრულად არ არის გადმოცემული ის პირობები, რომლებითაც ჩვენი თანამშრომლები საგებლობენ. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის, ხშირად ვხვდებით მათ და განვიხილავთ ბევრ საკითხს. ის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეოში იყვნენ, ბოლო თვეების განმავლობაში არათუ მხოლოდ ხელფასს, არამედ იმ ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემიებს იღებდნენ" - განმარტავს ის.
რაც შეეხება თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, გენერალური დირექტორის თქმით, წესდებას ისინი წინასწარ იცნობდნენ და იმაზე მეტ სამუშაოს არ ასრულებდნენ, რაც წესდებაში იყო გაწერილი, ხოლო დღესასწაულებზე დამატებითი სამუშაოს შესრულებისას ბინუსები შესაბამისად ერიცხებოდათ:
"არ არის "ბიბლუსში" ისეთი მდგომარეობა, რაც ამ ვიდეოშია ნათქვამი. ჩვენ გვაქვს სპეციალური ჯგუფი, რომელიც არსებულ პრობლემებზე მუშაობს და თანამშრომლებთან მათ განხილვას მუდმივად ახდენს. მე "ბიბლუს გალერიში" ვარ და მზად ვარ კომუნიკაციისთვის, თუმცა ამ დრომდე არავის მოუმართავს," - აღნიშნა მან.
წაიკითხეთ: "ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე
ლიკა ამირაშვილი, მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE