სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ფეისბუქში ბოიკოტს უცხადებენ. #ბოიკოტიფრესკოს ასე ქვია კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის შემდეგ დაიწყო. ფეისბუქ-გვერდები "თბილისის სოლიდარობის ქსელი" და "ჟამთასვლა ფოტოსურათებზე" ავრცელებენ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართვას, რომელიც შრომის ექსპლუატაციის დარღვევასა და დასაქმებულების უფლებების დარღვევას ეხება. "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით გავრცელებულ წერილში ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და "თანამედროვე მონობაზე" საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, "ფრესკოში" არსებულ ვითარებაზე და ზეწოლაზე მიუთითებენ.
გთავაზობთ მიმართვას სრულად:
"ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"!
დღევანდელ საქართველოში სამსახურებრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი,რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.
2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო.
5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძლეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.
8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა" , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.
9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა , რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში.
ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი."
კომპანია "ფრესკოს" წარმომადგენლები, ყველა ბრალდებას, რომელიც მათ წინააღმდეგ გაჟღერდა, უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც Allnews.ge -ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა განუცხადა, მათთვის უცნობია კონკრეტულად, ვინ არის გავრცელებული განცხადების ავტორი.
"მათი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კომპანია ფრესკოში გვაქვს შინაგანაწესი, რომელსაც ხელს აწერს თითოეული თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან მუშაობას იწყებს. ამ ადამიანებმა დაარღვის ეს შინაგანაწესი, მათ ჰქონდათ დისციპლინარული სასჯელები და დარღვევები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი სისტემატურად აგვიანებდნენ სამსახურში, არასწორად ადებდნენ პროდუქტს ფასმაჩვენებელს, არ ემსახურებოდნენ მომხმარებლებს კარგად. ვინაიდან ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან მაღალი მოთხოვნა იმისა, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს, ეს ადამიანები არ აკმაყოფილებდნენ ამ სტანდარტებს, შესაბამისად ეს ადამიანები ჩვენი შიდა წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ," - ამბობს მარიამ აფრიდონიძე.
მარიამ აფრიდონიძენ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებულ სხვა ასობით ადამიანს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სუპერმარკეტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მისი თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ხელფასი სრულად ჩაერიცხათ და დამატებითი ანაზღაურებაც კი მიიღეს, პრემიის სახით.
"ათეულობით ადამიანზე საუბარი და არა სრულ შემადგენლობაზე, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს არის მინიმალური პროცენტი, რომლებმაც საერთოდ დატოვეს სამსახური. ის, რომ ჩვენ ცუდად ვექცევით ჩვენს თანამშრომლებს, არ შეესაბამება სიმართლეს," - განაცხადა მარიამ აფრიდონიძემ.
რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაო გრაფიკს, რომელიც 12 საათს მოიცავს, ამაზე მათ ერთადერთი პასუხი აქვთ, რომ კომპანია იცავენ შრომის კოდექსს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა წესს.
"ფრესკოში" არსებულ მდგომარეობას ეხმაურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს. ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, არ არის გამორციხული, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.
დეპარტამენტის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღეს დეპარტამენტიდან ჯგუფი "ფრესკოს" ერთ-ერთ ობიექტში შევა და ვითარებას იძულებით შრომასა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს, ნახავს ხელშეკრულებებს. ამასთან, სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან როგორც ობიექტის თანამშრომლებს, ასევე მენეჯმენტის წარმომადგენლებს. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.
"გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ჩვენი მანდატის პირობებში შესაძლებელია შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფარგლებში. მაგალითად, საუბარი იყო, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ სამსახურიდან, შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებთან დააგზავნიდნენ მის გაფუჭებულ რეზიუმეს მომავალი დასაქმებისთვის პირობების გასაუარესებლად. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მოვიკვლიოთ, რადგან ჩვენს მანდატში ჯდება. ამ ეტაპზე, მთლიანად შრომით უფლებების სფეროს ზედამხედველობას ვერ ვუწევთ, თუმცა თუ კი იქ იქნება იძულებითი შრომის ექსპლუატაციის ნიშნები, შემდგომში აუცილებლად გადავცემთ შსს-ს გამოსაძიებლად", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.