ემა ტუხიაშვილს "კვირის პალიტრის" მკითხველი კარგად იცნობს, როგორც ეკონომიკური მიმართულების პროფესიონალ ჟურნალისტს, არც ისე დიდი ხნის წინ კი ის ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსის" მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს, "360 გრადუსის" წამყვანადაც მოგვევლინა და მკითხველის მსგავსად, მაყურებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაც მოკლე დროში შეძლო. რა გზას გადის "360 გრადუსი" მაყურებელთან შეხვედრამდე და როგორია ის ეკრანს მიღმა, ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი გვიამბობს:
- "360 გრადუსი" პირველივე ეთერიდან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ბუნებრივია, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების შემაჯამებელი გადაცემის წამყვანი ხარ, ფაქტობრივად, მუდმივად გრძნობ, რომ მაყურებელი შენგან და გადაცემის სტუმრებისგან ელოდება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა გადაცემა ინფორმაციულად დაბალანსებული იყოს და კონკრეტულ საკითხსა თუ პრობლემაზე მსჯელობისთვის ორივე მხარის პოზიცია წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, ეკრანიდან ეს ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს, თუმცა თითოეული გადაცემა უზარმაზარი შრომის შედეგია - არასოდეს ვუდგებით საკითხს ზედაპირულად, თემის ირგვლივ ყოველთვის საფუძვლიანად ვემზადებით, რომ პირველ რიგში, თავად ვიყო სიღრმისეულად ინფორმირებული საკითხზე, რომლის შესახებაც სტუმართან უნდა ვისაუბრო.
- ალბათ, მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ეკრანს მიღმა პროცესი - რა პრინციპით არჩევთ თემას იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია ვრცელდება და მოვლენებიც სწრაფად ვითარდება?
- დიახ, ჰოლდინგ "მედიაპალიტრას" ქვეყანაში ყველაზე დიდი საინფორმაციო ნიუსრუმი აქვს, რომელშიც გაერთიანებულია ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პორტალი: "ინტერპრესნიუსი", "ბიზნესპრესნიუსი", ამბები. გე და უამრავი სხვა საინფორმაციო პორტალი. მეც წლებია ამ გუნდის ნაწილი ვარ და, ფაქტობრივად, წუთში ერთხელ ახალ ინფორმაციას ვიგებ როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ სფეროში. რა თქმა უნდა, ზღვა ინფორმაციის მიღებისას პრიორიტეტის შერჩევა, პირველ რიგში, მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება - "360 გრადუსის" გუნდი სწორედ მათი გადმოსახედიდან მსჯელობს, რომელი საკითხია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ან მათ ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი. მეორე ეტაპი - სტუმრების შეთანხმებაა, რაც ზოგჯერ გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოქმნის ხოლმე. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა უკვე ზუსტად იცის, რომ არ არსებობს კითხვა, რომლის დასმასაც პირდაპირ ეთერში მოვერიდები.
რამდენიმე პოლიტიკოსი მათთვის ნაკლებად სასურველი კითხვების გამო გაგვინაწყენდა კიდეც, თუმცა ეთერს მიღმა სტუმრების უმრავლესობა პატივისცემას სწორედ იმიტომ გამოხატავს, რომ ყველაზე მწვავე კითხვის დასმასაც არასოდეს ვერიდებით.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ ოპონენტები ერთმანეთთან დებატებს ერიდებიან, ამიტომ ხშირად სტუმართან ოპონირება მე მიწევს ხოლმე. კარგი დამთხვევაა, რომ "360 გრადუსის" პროდიუსერი პოლიტიკურ საკითხებში გამოცდილი ჟურნალისტია, მე - ეკონომიკურში, შესაბამისად, ძნელად მოიძებნება საკითხი, რომელსაც ჩვენ საფუძვლიანად არ ვიცნობდეთ. თანაც ორივეს მთავარი პრინციპია, თუ სოციალურად მგრძნობიარე საკითხს არ ეხება საქმე, მაგალითად, როგორიც გახშირებული ავტოავარიების შემთხვევებზე მუშაობისას გვქონდა, ემოციებსა თუ პირად მოსაზრებებზე მაღლა დავდგეთ და ობიექტური კითხვები დავსვათ.
- შეგიძლია გაიხსენო ყველაზე მძიმე ეთერი შენთვის და ისიც საინტერესოა, თუ გრძნობ მაყურებლისგან მხარდაჭერას?
- მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და აქტიურად ვმუშაობ პრესაში ეკონომიკური მიმართულებით, მაყურებლის უმრავლესობამ მაინც როგორც "360 გრადუსის" წამყვანი გამიცნო - დღეს საზოგადოება მაინც პოლიტიზებულია და ყველაფერი პოლიტიკამდე მიდის. ყოველ დილით ვეცნობი მაყურებლის გამოხმაურებას და მახარებს, რომ ძირითადად, დადებით შეფასებას ვიღებ.
მირეკავენ, სოციალურ ქსელში მეხმიანებიან და მეუბნებიან, რომ განსაკუთრებით ჩემი მშვიდი საუბრის ტონი მოსწონთ, როდესაც მწვავე და არსობრივად დატვირთულ შეკითხვას ვსვამ. ეს ყველაზე დიდი და სასიამოვნო კომპლიმენტია, რაც კი შეიძლება წამყვანმა მიიღოს და მადლობას ვუხდი თითოეულ მაყურებელს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.
რაც შეეხება მძიმე ეთერს, ბუნებრივია, ასეთიც გვქონია, თუმცა ემოციურად ყველაზე მძიმე მაინც ის დღე იყო, როდესაც ეთერში შესვლამდე ოცი წუთით ადრე შემატყობინეს, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ეს არის შენი მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის განცდა, რომელსაც შენი პირადი ემოციები შესაძლოა, არც აინტერესებს და გადაცემისგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდება. ის საღამო ემოციურად ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის... და მე ის გადაცემა წავიყვანე...
- ეკრანზე მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ, ასეთივეა ემა ტუხიაშვილი ეკრანს მიღმაც?
- საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. მახსოვს ერთი შემთხვევაც, როდესაც სერიოზული დავა გვქონდა მე და რესპონდენტს - ამას პოლემიკა აღარ ერქვა (იღიმის) - და გადაცემის შემდეგ მივხვდი, რომ იმ მომენტში გამოცდილება არ მეყო, მას დავაში არ ავყოლოდი. როგორც ეკრანზე, ისე მის მიღმაც მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ. როგორც მეგობრები მეუბნებიან, ამ ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობაც კარგი მაქვს და მხიარულიც ვარ.
მიყვარს "პალიტრანიუსი", აქ მყავს მეგობრების დიდი ნაწილი და მიხარია, რომ დილის ცხრა საათიდან გვიანობამდე ასეთ პროფესიონალებთან ერთად ვშრომობ. როგორ ცუდ განწყობაზეც უნდა ვიყო, აქ, სამსახურში, მაინც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, დღის ბოლოს კი ამ ემოციებს ყოველთვის ოჯახის წევრებს, ჩემს შვილებს, ანანოს და ნიკას, ასევე ჩემს მეუღლეს ვუზიარებ. ეს ჩვენთვის ერთგვარ ოჯახურ ტრადიციადაც კი იქცა, რადგან ისინი ჩემი დიდი მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო - რომ არა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გუნდი, ჩვენი ურთიერთგაგება და მეგობრობა, რთული იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა მოკლე დროში, რაც უკვე გვაქვს. წინ კი დიდი გამოწვევები და მიზნებია - დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ.