"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტს სოციალური ქსელიდან მიმართავს და იმ კომენტარისთვის აკრიტიკებს, რომელიც სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში ქართველებზე გააკეთა.
ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
"ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება - ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ - რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.
გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.
გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე.
გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.
გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ.
გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.
ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია.
ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ანთხიო შხამი, იმის ნაცვლად, რომ გადაწვე და დატკბე იმით, რომ შენმა შრომამ შედეგი მოიტანა - მერე რა, რომ ოპონენტი გიხტება წილში (თუნდაც დაუმსახურებლად), რა გამოდის? ასე ხომ იწვები, რომ ყველაფერს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდი?
ზნეობას რომ თავი დავანებოთ და თუნდაც ცინიკურად მივუდგეთ, თვითკონტროლი როგორ უნდა მოგეშალოს ისე, რომ იმასაც ვერ მიხვდე - მთლიანად აცდენილი რომ ხარ ხალხის განწყობას? საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ერთ-ერთი კომენტარის პასუხად ჩერგოლეიშვილი თავადვე განმარტავს, ვისი მისამართითაა ეს პოსტი:
"1. სააკაშვილმა თქვა რომ ყველა "სარჩოს საძიებლად" დატოვებს ქვეყანას (ბურჯანაძემაც იგივე თქვა).
2. მისმა მარიონეტმა და სპიკერმა მაია ორჯონიკიძემ (გაბუნიამ ორჯონიკიძით გახსნა არჩევანი) ლამაზად გაშიფრა ბელადის სიტყვები, განაცხადა რომ ხალხი მაღაზიების გასაქურდად გაიქცევა
3. გრიგოლ ვაშაძემ ისეთი ბოღმით სავსე სტატუსი დაწერა, მე შემრცხვა.
4. ნუ კარიკატურული ქვეყანა რომ იყო საქართველო, მიშა როცა ჩამოვიდა, ეს ალბათ გაიგეთ" - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია Чернівецький Промінь-ის ეთერში საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ის საქართველოში ჩამოვიდა "ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი შეეძლოთ".