საუკუნის წინანდელ პრესაში ასახული საქართველო - როგორ ცხოვრობდნენ მაშინდელ საბჭოთა რესპუბლიკაში, რა სახის დანაშაულები ხდებოდა და ზოგადად როგორი იყო იმდროინდელი ქართველების ყოფა...
გთავაზობთ, ამონარიდებს გაზეთ "კომუნისტიდან", რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია დაცული.
1924 წელი, მარტი
"აღმოსავლეთ საქართველოში ოლქის სასამართლოში, შომახიას თავმჯდომარეობით, სახ, მსაჯულების: თევზაძის, ბურჭულაძის, პროკურორის თანაშემწე ტატიშვილის, მდივანი თანაშემწე პაპიანის მოანწილოებით გაირჩა საქმე, ვერა თედორეს ასული მოკონის, რომელსაც ბრალად ედებოდა ალექსანდრე კორძახიას დაჭრა მისი მოკვლის მიზნით. მოკონის ქალი და კორძახია სცხოვრობდნენ ერთ სახლში. ერთ დღეს კორძახიას მოკონის ქალისთვის უწოდებია ცუდი ყოფა-ქცევის ქალი, -"მეძავი". ამით განრისხებულ მოკონის ქალს უსვრია ხუთი ტყვია კორძახიასთვის და დაუჭრია. სასამართლომ დამტკიცებულად სცნო ბრალდება მოკონის ქალისადმი და 13 და 148 მუხლების მიხედვით მიუსაჯა მას ერთი წლით გამასწორებელი სახლში დაპატიმრება. უკანასკნელი ამნისტიის ძალით განთავისუფლებულ იქნა".
პროვინციაში (დამნაშავე დაისჯება)
1925 წლის, აპრილი:
"28 დეკემბერს, სოფ. ივანწმინდის მცხოვრები ქაიხოსრო ქავთარაძე მოუძღვებოდა სურსათით დატვირთულ ურემს. როცა სოფელს დაშორდა დაახლოებით ვერსნახევარით, მან ხარებს შეუძახა: - "ჰეი ხარებო, რა მენშევიკებივით მოიზლაზნებითო!" ამ შეძახებას ყური მოჰკრა საჩხერიდან მომავალმა ვიღაც ახალგაზრდამ, რომელმაც დედა შეაგინა ქავთარაძეს. როცა ქავთარაძემ მოჰკითხა, რათ აგინებს, მან იძრო რევოლვერი, მაგრამ მისმა მხლებელმა გლეხებმა დააკავეს. შეშინებულმა ქავთარაძემ მიატოვა ხარ-ირემი და გაიქცა. ახალგაზრდა, რომელიც აღმოჩნდა სოფ. არგვეთის მცხოვრები შალვა ნესტორის ძე დევიძე გამოდევნა მას და ესროლა. ქავთარაძე გადამხტარა ხრამში და ამა დროს ფეხი უღრძია. გზაში გლეხები შემოხვედრიათ და ურჩევიათ მისთვის და შეხვედროდა დევიძეს.
ქავთარაძეც ასე მოიქცა და როცა შეხვედრია დევიძეს უკითხავს, რათ მკლავო, - ქავთარაძეს კი, პასუხის ნაცვლად უცემნია მისთვის, ისე, რომ ამ უკანასკნელს ცხვირში სისხლი წასკდა. ამ ჩხუბით და დავიდარაბით მისულან სადგურამდე. დევიძეს მატარებლშიც უცემნია ქავთარაძე. საჭიროა ეს ვაჟბატონი ასეთ საქმეებს გადააჩვიონ... საჩხერე."
საბჭოთა სასამართლო (იშვიათი ბოროტმოქმედება)
1925 წლის ივლისი:
"ათასობით მოზღვავებულ ხალხს ვეღარ იტევს სურამის საზაფხულო თეატრი. აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს სხდომა თითქმის დღე და ღამე გრძელდება. ირჩევა იშვიათი ბოროტმოქმებების საქმე... იულია ჩაგროვისას, რომელიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული თავისი გარყვნილებითა და უზნეო ყოფაქცევით, ბრალად სდებენ თავისი ქმრის ალექსანდრე ჩაგროვის მოკვლას და იქვე მახლობელ ფეხისადგილში ჩაგდებას. ამ ქალბატონს წინათაც კი უამრავი "შინაური" კაცები ჰყოლია, ამ ბოლო ხანებში, 1924 წელში, მას გაუჩენია ახალი მეგობარი კირილე ხუნწარია, სამხედრო პირი, მე-2 ლეგ. უმცროსი მეთაური.
იულია ჩაგროვისას ადრინდელ "შინაკაცებთან" ჰქონია ლაპარაკი, რომ მას განზრახვა აქვს მოჰკლას ქმარი, მაგრამ ეს ვერ მოხერხებულა... ჩვეულებრისამებრ, ასეთივე წინადადებით მიუმართვას ახალი "სატრფო" ხუნწარიასთვის. მასთან ერთად, ეს განზრახვა სისრულეში მოუყვანიათ აღდგომა ღამეს, 1925 წლის 25 აპრილს. ამ დღით იულიას ქმარი შვებულებით ჩამოსულა სახლში ცოლის სანახავად. გამხეცებულ ჩაგროვას და ხუნწარიას არ უკმარებიათ ადამიანისთვის სიკვდილით დასჯა. მეორე ღამეს (მთელი ღამე მიცვალებული სახლში ჰყოლიათ) გაუხვევიათ ფარდაგში და ჩაუგდიათ იქვე 20-25 ნაბიჯის მოშორებით ფსიქიატრულ ახალშენის უზარმაზარ ფეხისადგილში.
გამომძიებლის წინადადებით, ეს ფეხისადგილი დაცლილი იქნა, (ვინაიდან ხმები იყო, რომ იქ ჩაგდებულია მიცვალებული) სიბინძურეში აღმოაჩინეს ალექსანდრე ჩაგროვის გვამი. სასამართლომ იულია ჩაგროვას და კირილე ხუნწარიას ბრალდება დამტკიცებულად ჩასთვალა და მიუსაჯა 10 წლით გამასწორებელ სახლში ჯდომა სასტიკი იზოლაციით და 5 წლით მოქალაქეობრივი უფლების აღკვეთა. ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა საბჭოთა სასამართლოს გადაწყვეტილებით".
ავტომატიური ტელეფონი
1925 წელი.
ფ.- ტელეგრაფის კომისარიატმა გერმანიაში შეიძინა ავტომატიური ტელეფონების პარტია და საჭირო მასალები თბილისში ავტომატიური სადგურისთვის.
1925 წელი. აპრილი:
პირველი ლომბარდი თბილისში. იქ შეიძლება ოქრულობისა და სხვა ძვირფასი ნივთების ჩაბარება ფულად თანხაში.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს (სისხლის სამართლის მილიციის საყურადღებოდ)
"1925 წელი, აპრილი:
ივნისის 27-ს ანდრეევის ქუჩის ბატარეის კუთხეებში მეჩექემ ირაკლი პაიჭაძემ დანით მძიმედ დასჭრა რკინიგზელი, ამხ. გიორგი ჩუბინაშვილი, მაგრამ "ძმაბიჭებისა" და "ბიძაშვილების" წყალობით დამჭრელი პაიჭაძე დღეს თავისუფლად თბილისი ქუჩებში. დაჭრილი ჩუბინაშვილი კი, სისხლისგან დაცლილი საავადმყოფოში სულს ღაფავს. ნეტავ რას იტყვის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ამაზე. მეზობელი."
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE