"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძრი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
როგორც გიორგი მაჭავარიანმა აღნიშნა, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშებოდა და, შესაბამისად, არავითარი კერა არ არსებობდა, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გაჩენილიყო.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან ხანძარი არ გაჩენილა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ახალი აქციონერები მოვედით "ბავშვთა სამყაროში", ვცდილობთ მის განვითარებას. 3 წელია ვარემონტებ "ბავშვთა სამყაროს" და დაახლოებით მილიონნახევარი მაქვს დახარჯული ამაში. ათასი ვერსია წამოვიდა ხანძრის შემდეგ, რომ ვითომ სპეციალურად დაწვეს, ასე ქნეს, ისე ქნეს, მაგრამ რაც სიმართლეა, ის არ დაიმალება. ჩვენ ელექტროენერგიას ვთიშავთ, როდესაც იკეტება მაღაზია. ძალიან გაურკვეველი რაღაც მოხდა. თავიდან არც გვქონდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება რაღაც მიზანმიმართული ყოფილიყო, რადგან ამას ვერც დავუშვებდით. ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცეები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ჰქონდა თუ არა დივერსიას ადგილი, ამას გამოძიება დაადგენს. როგორც "ბავშვთა სამყაროს" დირექტორმა აღნიშნა, შენობაში უსაფრთხოების სისტემა დამონტაჟებული იყო. გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი არა "ოქროს სამყაროში", არამედ მასთან ახლოს მდებარე მაღაზიაში გაჩნდა.