საქართველოში მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ მოწმდება. სპეციალისტები, მათ შორის, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უწყება, რომელსაც სეისმურ უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალება, ქვეყანაში არ არსებობს.
დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს შენობა, სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ ახალ აშენებლი კორპუსების, დაახლოებით, 60% 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს.
ამჟამად მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, თბილისში მიწისძვრის 8 ბალიანი ზონაა დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მაღალ თუ დაბალსართულიანი ნაგებობის მშენებლობისას პოექტში 8 ბალიანი სეისმომედეგობა უნდა იყოს გათვალისწინებული.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსების მდგრადობის შემოწმება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი შენობაა დედაქალაქში ისეთი, რომელიც დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშენებლობის მდგრადობის უზრუნველყოფა და ხარისხის დაცვის საკითხი წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობას", - აცხადებენ მერიაში. აქედან გამომდინარე, სახლის ავარიულობის დადგენა მთლიანად მის მესაკუთრეზეა დამოკიდებული.
მერია მოქალაქეებს ნაწილობრივ დახმარებას მხოლოდ სახლის ავარიულობის დადგენისა და გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენის შემთხვევაში სთავაზობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები კორპუსის ავარიულობის საკითხს შეისწავლიან და პროექტს მერიაში მიიტანენ, სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მერიის თანადაფინანსებითაა შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა