დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ბავშვთა სამყაროს შენობა შიგნიდან იწვის და გარკვეული კონსტრუქციების ჩამოშლა ხდება.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ უახლოეს საათებში გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" მიერ პროჟექტორები დამონტაჟდა, რომ ღამის პირობებში შესაბამისი სამუშაოების წარმოების საშუალება იყოს და უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, შესაბამისი ზომები გატარდეს.
ირაკლი ლექვინაძე ხანძრის ახალი კერების არსებობას არ ადასტურებს, მისი ინფორმაციით, შენობა შიგნიდან იწვის და ობიექტზე შესვლა როგორც მეხანძრეებისთვის, ისე სხვა ადამიანებისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუშვებელია.
"იქ დარჩენილია საგნები, რომლებიც შიდა წვის შედეგად აალებას განიცდიან და გარკვეულ პერიოდებში ასეთი კერების წარმოქმნა სწორედ ამას უკავშირდება. მთლიანობაში ხანძარი ლოკალიზებულია და გარეპერიმეტრზე გავრცელების საფრთხე არ არის. შენობა საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაშია და შიგნით ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ უახლოეს საათებში იქნება გაცხადებული. საცავების გამოტანა დემონტჟთან ერთად იქნება შესაძლებელი. საცავებს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს მხრიდან ღონისძიებები მაქსიმალურად არის გაძლიერებული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.