"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მასშტაბურ ხანძარს 30-მდე სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.
მოვაჭრეების განცხადებით, მათ ათი ათასობით ლარის ზარალი მიადგათ, ოქროს ბირჟაზე მომუშავეთა ზარალი კი ასობით ათასს შეადგენს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენს შეადგენს ზარალი.
დაათვალიერეთ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ფოტორეპორტაჟი
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის განცხადებით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი 3 წუთში მივიდა ადგილზე.
"გამოძახებიდან 3 წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, დადასტურდა ფაქტი, რომ იწვოდა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი. ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა "ბავშვთა სამყაროს" მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება", - განაცხადა დავით გელაშვილმა.
ვიდეო: ასე გამოიყურება გადამწვარი "ბავშვთა სამყარო" ზემოდან - დრონით გადაღებული ექსკლუზიური კადრები
გარემოვაჭრეებს ახლომდებარე სავაჭრო ობიექტებიდან საკუთარი პროდუქცია გააქვთ, რაც მათ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ურჩიეს, რადგან დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.