მთავრობა ონლაინკაზინოების რეგულაციების დანერგვისთვის საერთაშორისო გამოცდილების საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ონლაინკაზინოების შემზღუდველი რეგულაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და "ჩვენი ლოკალური ცოდნით ეფექტიანი რეგულაციების დაწესება ძნელია".
"მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინკაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება.
ძალიან მარტივად რომ ავხსნა - წარმოიდგინეთ, რომ ყველა ონლაინკაზინოს სერვერი პირდაპირ არის მიერთებული შემოსავლების სამსახურის სერვერზე, სადაც ხდება ყველა ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ასევე შექმნილია შესაბამისი ფილტრები და რეგულაციები მოთამაშის სწორი იდენტიფიკაციისთვის. ეს მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ახალგაზრდა თაობა და ყველა ის მოქალაქე, ვინც არ უნდა ითამაშოს. თქვენ შეგიძლიათ თამაშისგან დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. იმავდროულად, გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, როდის მოხდება ასეთი კომპანიის შერჩევა, დიმიტრი ქუმსიშვილს არ ჰგონია, რომ ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდეს.