თოვლის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე დღეს დილიდან მოსახლეობისგან 220-მდე ზარი შევიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" აცნობეს.
როგორც დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, ყველაზე მეტი, 80-მდე ზარი მთაწმინდა-კრწანისის რაიონებიდან დაფიქსირდა. კერძოდ, წავკისიდან, კოჯორიდან, კიკეთიდან, ბეთანიიდან.
შესული ზარების რაოდენობის მიხედვით შემდეგ მოდის ვაკე-საბურთალოს რაიონები, რომელშიც შედიც წყნეთი; შემდეგ კი ისან-სამგორის რაიონები. ყველაზე ნაკლები, რამდენიმე ზარი კი გლდანის, ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებიდან შევიდა.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის ლევან ჯღარკავას განცხადებით, ყველა შესულ ზარზე მათ რეაგირება მოახდინეს, დასუფთავების სამსახურის ჯგუფები ადგილზე იმყოფებოდნენ.
"ჩვენი სამსახურის მუშაობის სტრატეგია არის ასეთი, რომ ჯერ იხსნება ცენტრალური გზა და შემდეგ მიდის ჩიხების გაწმენდა. რაც შეეხება ეზოს შესასვლელებს, რეაგირება ცხელი ხაზის დონეზე ხდება. არსებული მდგომარეობით, არანაირი პრობლემა არ არის. ყველგან დაყრილია მარილი და გზებზე არანაირი შეფერხება არ არის", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.