პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების მიუხედავად, ადვოკატები ე.წ. კაბელების საქმეზე სამართლებრივ დავას მაინც გააგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტავაციო ნაწილის ჩაბარებას ელოდება, რის შემდეგაც ისინი გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, თუმცა ამ ინსტანციის იმედიც არ გვაქვს, რადგან საქართველოში სასამართლო პოლიტიზირებულია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა საქართველოში ბოლო ინსტანციის მოვლის შემდეგ მომზადდება სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
თუკი უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს, ამის მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმრო დაწესებულებაში არ დაბრუნდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პროკურატურა 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება. ბრალდებულებს 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენებაში გადაუკვალიფიცირა და ამის საფუძველზე სასჯელის ვადა შეუმცირა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბრალდებულებს პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.