თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე და გარეუბნებში ტექნიკური მარილის დაყრა დასუფთავების სამსახურის ჯგუფებმა დილიდან დაიწყეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.
მისივე თქმით, კოჯორში, წყნეთში, ნუცუბიძის დასახლების ფერდობსა და ჯიქიას ქუჩაზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. ჯღარკავას ინფორმაციით, სავარაუდოდ, გზებზე დღეს უკვე 80-100 ტონამდე ტექნიკური მარილი არის დაყრილი და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
"ამ მომენტისთვის საგზაო მოძრაობის შეფერხება არ არის და ყველა ქუჩა გახსნილია. ტექნიკური მარილი ქუჩებში დილიდან იყრებოდა. გზებზე დაახლოებით, უკვე 80-100 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა. თოვა თუ გაგრძელდება, ქალაქში ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგი არსებობს. ტენდერის მეშვეობით უკვე შევიძინეთ ტექნიკური მარილი და ჩვენს საწყობში 4 500 ტონა მარაგია. მთელი თვის განმავლობაში რომ გაგრძელდეს თოვა, ეს საკმარისი იქნება", - განაცხადა ჯღარკავამ.
მისივე თქმით, თბილისში თოვლის გამო გადაადგილების პრობლემა არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ ჰქონია.