გია ცერცვაძის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, უკრაინელი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადაციო წარმოებაც.
"გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძე მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.