ტელეწამყვანი ილია (ილო) ბეროშვილი პირველად ''ჯეოსელის" რეკლამაში გამოჩნდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრდა და ამავდრულად კავკასიური ენების სპეციალისტია, თუმცა თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. დღეს ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება მის იუმორისტულ გადაცემას ''ილო ბეროშვილის შოუ." ''რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილომ ბავშვობა და თინეიჯერობა გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ორი წელი ჩერქეზეთში ცხოვრობდა, სადაც გოგონას პირველად აკოცა: ''ერთი სული მქონდა საქართველოში ჩავსულიყავი და უბნის ბიჭებისთვის მომეყოლა," - ამბობს ილო ჩვენთან საუბარში.
- ბავშვობა მკაფიოდ გახსოვს?
- გადმოცემით ვიცი, რომ საყვარელი ბავშვი ვიყავი. ადრეული ასაკიდან ვაკეთებდი პაროდიებს, მიტაცებდა მუსიკა. ყველას ძალიან ადვილად ვპატიობდი შეცდომებს, დღემდე წყენას გულში ვერ ვიდებ. შემეცნებისკენ მივისწრაფოდი, კომუნიკაბელური ვიყავი. ცოტა გულჩათხრობილ ''ტიპებს" კარგად ვუგებდი, ამიტომ განსაკუთრებულად მემეგობრებოდნენ. ადამიანებს არ განვიკითხავდი, არც დღეს ვაკრიტიკებ მათ საქციელებს. ჯიუტი და ხიფათიანი ვიყავი, რის გამოც რამდენჯერმე სიკვდილს გადავურჩი. ერთხელ მანქანამ გამიტანა. 15 წუთით გონება დავკარგე, თვალი რომ გავახილე დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ვტიროდი. ყველა შეგრძნება ბრაზმა გადაფარა. დედას ვითხოვდი, მამიდაჩემი კი მატყუებდა დედაშენი მე ვარო. არ მესმოდა რატომ იტყუებოდა. მეორე შემთხვევა? ბებიაჩემს სტუმრად მივყავდი, როცა ხელი გავუშვი, გავექეცი და ბოგირზე გადავირბინე. შემთხვევით ნაკადულში ჩავვარდი. წყალმა წამიღო. ორ წამში მილში აღმოვჩნდი. დღესაც ვერ ვხვდები, სიკვდილს როგორ გადავურჩი.
- რომელია შენთვის ყველაზე ტკბილი მოგონება?
- ბავშვობის დიდი ნაწილი სოფელში გავატარე. ბუნებასთან სიახლოვე ჯანსაღ მენტალურ და ფიზიკურ განვითარებაში დამეხმარა. ორი წელი ახალსოფელში ვსწავლობდი. ლეკები ჩამოდიოდნენ, ყველი ჩამოჰქონდათ და პროდუქტს ცვლიდნენ. დასასვენებლად ცხენებს ბავშვებს გვაბარებდნენ. ჩვენ შემოვახტებოდით უნაგირის გარეშე და ვჯირითობდით.
- სევდიანი?
- დედა რამდენიმე წელი ავად იყო და სკოლაში ვერ მაკითხავდა. თავის მხრივ, თბილისის და აფხაზეთის ომებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვეს. მტკივნეულად აღვიქვი სოფლის დეგრადაციაც, რომელიც 90- იანი წლებიდან დაიწყო... განაგრძეთ კითხვა