ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კიევში მყოფმა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, სასამართლომ პროცესი 3 თებერვლამდე გადადო.
მისივე განმარტებით, პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ საქალაქო სასამართლოსგან მათთვის შესაბამისი მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა.
სასამართლოში გია ცერცვაძის მეუღლე და თანამებრძოლები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე უკრაინელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ბეჟაშვილის თქმით, პროცესის გადადებამ მათი აღშფოთება გამოიწვია. მისივე თქმით, კიევის სააპელაციო სასამართლოში შეკრებილი გია ცერცვაძის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.
"გია ცერცვაძის პროცესი დაწყებიდან 5 წუთში უცნაური არგუმენტით გადაიდო - მოსამართლემ თქვა, რომ პირველმა ინსტანციამ დროულად არ მიაწოდა საქმის მასალები, რის გამოც სხდომა 3 თებერვლამდე გადადო. ბუნებრივია, ამან გამოიწვია დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება - იქ იყვნენ ქართველი და უკრაინელი სამხედროები, დეპუტატები, საქართველოდან სხვა პირები... ახლა აქ ამბობენ, რომ არ დავტოვოთ დარბაზი და ითხოვენ, საქალაქო სასამართლოდან მოხდეს მასალებიას გადმოგზავნა, რადგან აბსურდული მიზეზის გამო გია ცერცვაძეს 3 თებერვლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს.
"მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის დანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ქსენია პროკონოვამ.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა პროცესი 3 თებერვლამდე გადადო.