კომპანია "კოკა-კოლა" საქართველოში წარმოებას აფართოებს და ამ მიზნით ქარხანა ნატახტარში გადადის.
როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას თემურ ჭყონიამ განაცხადა, გაფართოების პროცესი უკვე დაწყებულია და ქარხნის დიდუბიდან ნატახტარში გადასვლის პროცესი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
"პროექტირება დაწყებულია, მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ რა დანადგარები გვჭირდება დამატებით. პროექტზე ფრანგული კომპანია "ჟებო" მუშაობს, რომელიც მსოფლიოში კოკა-კოლის ქარხნებისთვის პროექტებს აკეთებს. სათავო კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენ ზოგიერთი პროდუქტისა და შეფუთვის ექსპორტიორი უნდა გავხდეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქციის წარმოება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ის ახალი დანადგარები, რომლებიც დამატებით გვჭირდება ძველ ქარხანაში აღარ ეტევა. ძალიან დიდი ქარხანა გვჭირდება, შენობის ქვეშ დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ინვესტიცია კი დაახლოებით 10 მილიონ ევრომდე იქნება", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის თქმით, კოკა-კოლას ძველი შენობა გაიყიდება.
"ძველ შენობასთან დაკავშირებით ორ უცხოურ, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანისთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რომლებიც შემოგვთავაზებენ წინადადებას თუ როგორ მოვიქცეთ ძველ ტერიოტრიასთან დაკავშირებით. ძველი შენობა ჩვენს ფლობელობაში აღარ იქნება. მის ადგილას ინვესტიციისა და წინადადების მიხედვით რაიმე ახალი აშენდება.
ვფიქრობ, რომ დიდუბის ცენტრში ქარხანა არ უნდა იყოს", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
საწარმოს გაფართოების გარდა, ბიზნესმენის თქმით 15%-ით იზრდება ენერგეტიკული სასმელის "Burn" ექსპორტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. როგორც თემურ ჭყონიამ განაცხადა, პირველი პარტია თებერვალში გაიგზავნება და მისი ღირებულება 200.000 დოლარია.
განაგრძეთ კითხვა