ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრმა ირაკლი ნოზაძემ, მეტსახელ პიკასოთი ცნობილმა, ერთი წლის წინ ია დუდაშვილზე იქორწინა. ირაკლისთვის ეს მესამე ქორწინება იყო. წყვილს ქალიშვილი, ნია შეეძინათ. რამდენიმე ხნის წინ კი გავრცელდა ხმა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად გაეყარნენ, ირაკლიმ ეს ფაქტი დაადასტურა და ამ თემაზე ჟურნალ "სარკესთან" დაუფარავად ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ასეა, ოფიციალურად გავშორდით ერთმანეთს, რადგან სხვა გზა აღარ გამოიძებნა. ქორწინება დასრულდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, ცივილური ურთიერთობები გვაქვს.
- ეს მესამე ქორწინებაა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მარტივად არ მიიღებდით.
- რასაკვირველია. ადამიანი, რომელიც მარტივად წყვეტს ასეთ ამბავს, ჩემთვის არასერიოზული პიროვნებაა. ამას დიდი დაფიქრება, აწონ-დაწონა სჭირდება, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. ჯობს, დათმო, ვიდრე ოჯახი დაანგრიო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რის შემდეგაც ამ ნაბიჯს დგამ. ასე რომ, ბევრი ფიქრის შემდეგ გაშორება გადავწყვიტეთ.
ნახეთ: ირაკლი ნოზაძის გოგონა სოციალური ქსელის ვარსკვლავად იქცა
ბევრი შეუთავსებლობა გვქონდა, ის სხვა ადამიანია, მე - სხვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია და მე - კარგი, ან პირიქით, უბრალოდ სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები აღმოვჩნდით. დაძალებითი ოჯახი ოჯახი არ არის.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენს ცხოვრებაში სამი უიღბლო ქორწინება? მიზეზს საკუთარ თავში არ ეძებთ?
- ვაიმე, არ ვიცი, ცუდი ფაქტია. შეიძლება ერთხელ შეცდეს ადამიანი, მეორედ და მესამედ კი უკვე დამაფიქრებელია. საკუთარ თავსაც ხშირად დავუსვი ეს კითხვა. არ შეიძლება ამდენი შეცდომა დაუშვას ადამიანმა, მაგრამ, ეტყობა, განგებამ ასე ინება.
კატასტროფულად ეჭვიანი არ ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრის კონტროლი მიყვარს, მე მიყვარს თავისუფლება და არც სხვას ვზღუდავ ამაში. არ ვიგინები, დაძაბულობა არ მომწონს... არ ვიცი... სხვა ბევრი დეტალი ქმნის ცუდ აურას და მთავრდება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სხვა დროს ურთიერთობას ოფიციალური სახელი არ დავარქვა.
- ანუ აღარასდროს დაქორწინდებით?
- ჰო, აღარ დავქორწინდები. ასე კატეგორიული უარის თქმა არასწორია, ამბობენ, არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს", მაგრამ მაინც თამამად ვამბობ, რომ არა! აღარ დავქორწინდები.
ლანა კიკნაძე
ჟურნალი "სარკე"