არსებობს მოსაზრება, რომ ონკოლოგიური დაავდების მიზეზი რეალურად დაუდგენელია, თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მძიმე დიაგნოზის მიზეზი შეიძლება გახდეს - დაბინძურებული ჰაერი, სტრესული ცხოვრება, არაჯანსაღი კვება, ესა თუ ის ტრავმა და კიდევ არაერთი ფაქტორი...
საინტერესოა, რას ფიქრობს ამ თემაზე თავად ექიმი, მართლაც, რის გამო უდგინდებათ ასეთი მძიმე დიაგნოზები და რატომ ხდებიან ხშირ შემთხვევაში საბედისწერო განაჩენის მსხვერპლნი?! ამასთან, რა დაავადებები შეიძლება იქცეს სიმსივნის წინაპირობად და რა უნდა გავაკეთოთ მძიმე სენის თავიდან ასაცილებლად, საპრევენციოდ? - გვესაუბრება პაატა ხორავა, ექიმი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი:
"სიმსივნის გამომწვევი და განვითარების მიზეზები დიდი ხანია შესწავლილია, ანუ ფონური პათოლოგიები, რომლის ფონზეც სიმსივნე ადვილად ვითარდება და ამ ყველაფერს გენეტიკურ აპარატის ცვლილებამდე მივყავართ. მუტაცია ქრომოსომულ დონეზე ხდება".
- ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევ ფაქტორებს ამ დონეზე შეუძლიათ ცვლილების მოხდენა?
- რა თქმა უნდა, ის ქიმიური ნივთიერებები, რაც ბუნებაშია გავრცელებული, რასაც თუნდაც დაბინძურებული ჰაერი ქმნის, ან არაჯანსაღი საკვები, ყველაფერი მოქმედებს. მათი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ადამიანი შეიძლება მძიმე რისკის ქვეშ აღმოჩნდეს... სიმსივნის განვითარებას წლები სჭირდება, ზოგ შემთხვევაში, 10 წლის განმავლობაშიც კი გროვდება ორგანიზმში და შემდეგ პათოლოგიურად მოქმედებს დნმ-ზე. მუდმივად მიდის განახლება, ახალი უჯრედების წარმოქმნა და ოდესღაც, ამ ქიმიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, წარმოქმნილი უჯრედი არის მუტაციური, მუტაგენური, შეცვლილი, გარდაქმნილი, ატიპიური, რაც გინდათ ის დავარქვათ, რაც ახალი სიმსივნური კერის განვითარების წინაპირობაა.
ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ
შესწავლილი და ნანახია ყველა ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევი გენი, მაგალითად, ვიცით ძუძუს კიბოს გამომწვევი გენი რომელ ქრომოსომაშია, თვალის სიმსივნის და ა.შ. ასევე თითოეულის განვითარების გზაც. შემდეგ ის იზრდება, მრავლდება და სიმსივნურ კერას გვაძლევს თავის სიმპტომოკომპლექსით და ყველა გართულებით.
მაგალითად, ძუძუს სიმსივნის შემთხვევაში, ერთ-ერთი ფაქტორი მექანიკური დაზიანებაა (ერთჯერადად მიღებულიც კი), რის საფუძველზე იმ ადგილზეც შესაძლოა, სიმსივნე წარმოიქმნას.
- რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოს?
- დადგენილია, რომ შემწვარი, შებოლილი პროდუქტი მავნეა ორგანიზმისთვის და არ შეიძლება მისი მიღება, რადგანაც ამის ფონზე კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები განვითარდება და არა მარტო ამ ორგანოების. ასევე დადგენილია, რომ მარინადები (დამჟავებული პროდუქტი, მისი წვენი) მავნეა ორგანიზმისთვის, კონსერვანტები, მაგალითად, ცხელი პროდუქტის მიღება პირის ღრუსა და საყლაპავის სიმსივნეებს იწვევს...
აქ იმას არ ვგულისხმობთ, ვთქვათ, მწვადი შევწვით, შევჭამეთ და სიმსივნე დაგვემართა. ამის ხანგრძლივად, წლების განმავლობაში ჭარბად მიღება არ შეიძლება. ასე რომ, რაღაც დოზით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ორგანიზმი სიმსივნისგან დავცვათ.
- ე.ი. საკვები მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ?
- რა თქმა უნდა, თავი უნდა შევიკავოთ ცხიმიანი საკვების მიღებისგანაც, თუმცა ცხიმი გარკვეული რაოდენობით საჭიროა, რადგანაც ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელი რამ არის, თუმცა ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი პროდუქტის მიღება პათოლოგიას იწვევს. იგივე გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაც მავნეა, ამ სისტემის პათოლოგიები ზოგჯერ გაცილებით ვერაგიც კია, ვიდრე სიმსივნე, წამებში ლეტალურად მთავრდება.
როცა ვიცით, რომ თამბაქოს ბოლში ათეულობით კარცეროგენია, რომელიც ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს და ამის მიუხედავად, თამბაქოს მოწევას მაინც ვაგრძელებთ, ფულს ვიხდით იმაში, რომ გავხდეთ ავად, ეს დანაშაულია. თან, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფულს იმაში იხდის, რომ იყოს ჯანმრთელი. პაპიროსის მოწევა 15-20 წლის შემდეგ, ადამიანისთვის შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს...
- მგონი, ამას ჩვენი მენტალური პრობლემებიც ხელს უწყობს...
- მენტალური პრობლემა ქართველებთან ბევრ რამეში გამოიხატა, მაგალითისთვის, მაგ მიმართულებით რომ გავაგრძელოთ საუბარი, ყველამ იცის, რომ მეცხრე სართულიდან გადმოხტომა არ შეიძლება, რადგან ეს სიკვდილით სრულდება და არც ერთი ჭკუათმყოფელი ამას არ აკეთებს. იციან, რომ დიდი სიჩქარით მომავალ მატარებელს წინ არ უნდა დაუდგნენ, მაგრამ არავინ ფიქრობს, სიგარეტის მოწევა რა შედეგს მოიტანს.
აქ მწეველთა ლოგიკა არის ასეთი, - რაღა მე დამემართება. იმას რად უნდა მტკიცება, რომ სიგარეტი მავნეა არა მარტო მწეველისთვის, გვერდით მჯდომისთვისაც. თუ თავს იწამლავ, გვერდით მდგომმა რა გაგიშავა, რატომ აზიანებ? ოჯახის წევრს, შვილს რას ერჩი?! ბოლოს და ბოლოს ფულს რატომ იხდი იმაში, რომ ცუდად გახდე?!
- ალბათ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ აზრიც...
- კი, რომელიც მოისუსტებს... "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და კიდევ კარგი, საქართველოში ისეთი დიდი მრეწველობა აღარ გვაქვს, რომლის გამონაბოლქვი ჰაერს შხამავს. სამაგიეროდ, მანქანების გამონაბოლქვი გვწამლავს... როგორ შეიძლება ბენზინი ევროპაში 5 ევრო ღირდეს და იგივე ბენზინს აქ ლარი და 80 თეთრად ვყიდულობდეთ?! ე.ი. არ ვარგა...
ამასთან, უცხოეთიდან ბევრი პროდუქტი შემოდის, რომელიც არ ვიცით, როგორ კონტროლდება, ან ვინ აკონტროლებს. ამიტომ როგორც მომხმარებელი, როდესაც რამეს ვყიდულობ, ვცდილობ, ხარისხიანი პროდუქტი შევიძინო. არასდროს ვიყიდი იაფფასიან ბრინჯს, ლარი 20 თეთრად იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, გენმოდიფიცირებულია და ჩემს ორგანიზმში 20 წლის მერე კარგს არაფერს იზამს. არ ვიყიდი მაგალითისთვის, კბილის პასტას, რომელიც 1 ლარი ღირს. რა მინარევებია მასში, როგორი ხარისხისაა, არც ეს ვიცი. როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, მსგავსი პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად ჩასატარებელია!
ასევე წაიკითხეთ: 7 პროდუქტი, რომლებიც ჯერ კიდევ ჭამის პროცესიდან კლავენ სიმსივნეს
აი, მანქანების გამონაბოლქვს ალბათ ვერსად გავექცევით, მაგრამ ყველა ერთად რომ ავდგეთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, გაამკაცროს კონტროლი, იქნებ რამე გამოვიდეს. მხოლოდ მანქანის სიჩქარეზე არ უნდა დააჯარიმონ მძღოლი. გამონაბოლქვით მაინცდამაინც ოზონი უნდა დაზიანდეს, რომ ხმა ამოვიღოთ?!
ბოლოს, როგორც ექიმი ვიტყვი, რომ უმთავრესი პრევენცია მაინც ექიმთან მისვლაა მაშინ, როცა ჯანმრთელები ვართ. ძნელია, ადამიანს პრევენციული ღონისძიებები ასწავლო, ან დაავადების კლინიკური გამოვლინება, ვთქვათ, მსხვილი ნაწლავი სიმსივნეების, მაშინ, როცა სტუდენტებსაც უჭირთ გამოცდაზე ამის ჩაბარება, მაგრამ როგორმე თავში უნდა ჩავიდოთ, რომ წელიწადში ორჯერ, საპროფილაქტიკოდ ექიმთან მივიდეთ, თუნდაც რაც გვაწუხებს იმის შესამოწმებლად. ონკოლოგიური პათოლოგია ვითარდება იქ, სადაც რომელიღაც ორგანოზე, რომელიღაც ქრონიკული პათოლოგია წლების მანძილზე მიმდინარეობს, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი ფილტვის კიბოს წინარე დაავადებაა. მრავლობითი პოლიპოზი კი მსხვილი ნაწლავის კიბოსი. ასე რომ, დროულად უნდა ამ დაავადებებს მკურნალობა, რომ სიმსივნე არ განვითარდეს. ექიმი სახლში ყველასთან ვერ მივა, თვითონ უნდა მოიცალოს პაციენტმა კლინიკაში მისასვლელად.
ქრონიკული დაავადებაც რომ არ იყოს, როცა ადამიანი რაღაცას შენიშნავს და მით უფრო, წინაპარს ჰქონდა ეს დაავადება, ან გოგონა, რომელსაც დედა ძუძუს კიბოთი გარდაეცვალა, მამოლოგთან საკონსულტაციოდ როგორ არ უნდა მივიდეს?
- არის ფაქტები, როცა სიმსივნე, სრულიად ჩვილს აღმოაჩნდება ხოლმე...
- ეს ის შემთხვევაა, როცა სიმსივნე მშობიარობის შემდგომ პერიოდში განვითარდება. ასეთ დროს, სიმსივნის წინასწარ განჭვრეტა თანამედროვე კლინიკებში ურთულესია, რადგანაც ბავშვთა ონკოლოგია რთული და ფაქიზი დარგია. ერთადერთი საშუალებაა, ოსრულობის დროს, დედას ძვირად ღირებული გენეტიკური კვლევა ჩაუტარდეს (თუმცა საქართველოში ყველა ორსულს ამ კვლევას ვერ გაუკეთებ) და დაადასტურო, რომ მოსალოდნელია პათოლოგიის არსებობა.
ასევე წაიკითხეთ: როდის ხდება ჩვეულებრივი ხალი საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
მაგრამ ორსულებს ამ გენეტიკურ კვლევას, ონკოლოგიური დაავადებების გარდა, სხვა დაავადებებზეც კი სთავაზობენ. ალბათ დრო მოვა და ესეც შესაძლებელი იქნება.
მოკლედ, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ, მივიღოთ მეტ-ნაკლებად ნორმალური საკვები, ვაკონტროლოთ ყოველთვის, რას ვჭამთ და რამდენს. რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად, რადგანაც ადამიანს მხოლოდ ონკოლოგიური დაავადება არ ემართება.
როგორც გითხარით, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებს სწორედ მავნე პროდუქტების მიღება იწვევს. ამიტომ, მინიმუმ ის შეგვიძლია, ქუჩაში გამოტანილი შებოლილი თევზი არ შევიძინოთ. ამან არამარტო ონკოდაავადება, შესაძლოა, ისეთი პათოლოგია გამოიწვიოს, რამდენიმე საათში გარდაიცვალოს ადამიანი.
ნუ ვიქნებით გულგრილები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ!...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE