სათამაშო ბიზნესში არსებული პრობლემები, დიდი მოგების ფონზე ბიუჯეტში გადახდილი მცირე თანხა, სოციალური პრობლემები, რომელსაც ეს ბიზნესი ქმნის, არაერთხელ გამხდარა "ბანკები და ფინანსების" პუბლიკაციების თემა. ფაქტია, რომ სფერო ჯერ კიდევ საკმაო რეგულირებას საჭიროებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც გადასახადების გაორმაგება იგეგმება.
ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, სათამაშო ბიზნესი ონლაინ-სივრცეში სულ უფრო აქტიურად ინაცვლებს. ამის შესახებ აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ. ონლაინ-აზარტული თამაშები კი კვლავ იმ რეალობას მორგებული კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპიუტერი საქართველოში რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა. არადა, უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ონლაინ-თამაშებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები და არასრულწლოვნები, რომლებიც სხვისი პირადობის მოწმობის საფუძველზე თავისუფლად ახერხებენ ონლაინ-აზარტული თამაშების სივრცეში შეღწევას.
დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტკაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.
არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მთავრობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტკაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე, არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.
ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის
ონლაინ აზარტული თამაშები უზარმაზარ მასშტაბებს იძენს და შესაბამისი შემოსავალი აქვთ ამ ბიზნესსუბიექტებს. ხოლო ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ბიუჯეტში მხოლოდ მიზერულ გადასახადებს იხდიან. საქართველოში დღესდღეობით ათამდე ონლაინ-კაზინოა. მათგან ოთხი (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ლიდერბეთი) ყველაზე მსხვილი და შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანია. თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორია ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოების მოგება და რა მაქსიმალურ თანხას აგებენ მოთამაშეები. ონლაინ თამაშების ორგანიზაციებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს და ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის.
გარდა ამისა, ონლაინ-თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომელიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.
კაზინოებისთვის მოსაკრებლის გაზრდის შემდგომ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სფეროს რეგულირება, რათა აღმოიფხვრას ყველა ის სოციალური პრობლემა, რასაც ეს ბიზნესი აჩენს და ამავდროულად აუცილებლად დაუწესდეს შესაბამისი გადასახადები, რათა საკმაოდ გაზრდილი მოგების ფონზე ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიუჯეტშიც გადაიხადონ შესაბამისი გადასახადი და არ იფიქრონ მხოლოდ საკუთარი "ჯიბის ზრდაზე" წაიკითხეთ სრულად