"შრომის ბაზრის მოთხოვნების დასადგენად ჩატარებული ყველა ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრები არიან" - ამის შესახებ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდისთვის გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა.
იმისთვის, რომ პროფესიული განათლება საზოგადოებისთვის მიმზიდველი გახდეს, 16-მილიონიანი პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში უკვე დაფინანსდა 10 მსხვილი პროექტი. გრანტების გაცემის მეორე რაუნდის ფარგლებში, ფონდი ცდილობს კიდევ რამდენიმე პროექტი დააფინანსოს, რომლებიც საზოგადოების პროფესიული განათლების საჭიროების შესახებ ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ.
მეორე საგრანტო კონკურსში გასაცემი თანხა თითოეული გრანტისთვის 5 ათასი აშშ დოლარიდან 25 ათასს აშშ დოლარამდეა.
პროექტის ხელმძღვანელი, დევიდ ჰენდლი კონკურსის პრიორიტეტებზე საუბრობს. მისი თქმით, კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო გამოცდილება, პრაქტიკები, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციას და მიმზიდველს გახდის მას.
"მათ ვისაც გრანტზე განაცხადს გააკეთებს უნდა გაითვალისწინოს რომ უნდა მოხდეს პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია. უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და მოდულების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრულთა დაინტერესება, მათი ვისაც აქვს უკვე ერთი პროფესია და თავისი პროფესიით წარმატებულად არ არის დასაქმებული. კარგი იქნება თუ პროექტის ავტორები ნოვატორულ იდეებს შემოგვთავაზებენ, თუმცა სავსებით შესაძლებელია საზღვარგარეთ აპრობირებული და საქართველოს რეალობასთან ადაპტირებული პროექტებს გამოგზავნაც. შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების მოწვევა რჩევებისთვის. მთავარია თქვენი პროექტით გაუმჯობესდეს პროფესიული განათლების იმიჯი და გადახალისდეს მისი როლი და მნიშვნელობა"- აცხადებს ჰენდლი.
დონორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროექტმა რომელიც დაფინანსდება არა მხოლოდ პროექტის, არამედ სისტემის დონეზე იყოს შედეგიანი და იქცეს მაგალითად რომელსაც სხვა პროფესიული სასწავლებლებიც წარმატებით დანერგავენ.
ფონდის გრანტების მართვის მენეჯერის, ვალენტინ მიტევის თქმით, მოთხოვნები რომელსაც დონორი აპლიკანტებს უყენებს მაქსიმალურად ლიბერალურია. თუმცა არსებობს რამდენიმე შეზღუდვა. გრანტზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს რომლებიც ამერიკული ორგანიზაციების შავ სიებში არიან შეყვანილები ან რეგისტრაცია გაიარეს 2016 წლის 17 თებერვლის შემდეგ.
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" ოფისში აცხადებენ რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში აუცილებლად გამოცხადდება მესამე რაუნდიც.
მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაში. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.