მანქანების გაძვირებამ ავტობაზარი უკვე შესამჩნევად დააზარალა. ზოგიერთმა კომპანიამ და კერძო დილერმა, რომლებიც საქართველოში ავტმობილების იმპორტს ეწეოდნენ, საქმიანობა შეწყვიტა. ნაწილი კი იმ მანქანების გაზრდილ ფასად გაყიდვას აპირებს, რომლებიც შეკვეთილი აქვთ და ჩამოსვლას ელოდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამასობაში წლის დასაწყისიდან მოყოლებული უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი მანქანები 10-15%-ით გაძვირდა.
უკვე დარეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ღირებულება ერთ-ორ თვეში კიდევ უფრო მოიმატებს და მათი მფლობელები შეეცდებიან მეტი მოგებით გაყიდონ. როდესაც ბაზარზე დეფიციტია, გაძვირება ლოგიკურია, თუმცა გამორიცხული არ არის, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ მაღალი ფასის გადახდა ვერ მოახერხოს.
2017 წლის იანვრიდან მარჯვენასაჭიან მანქანებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. ამ კატეგორიის მანქანების თვითღირებულებაში აქციზის კომპონენტი, მაგალითისთვის, თუ ადრე 1000 ლარი იყო, ახლა უკვე 3000 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი გაძვირდა იმდენად, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა საბოლოოდ კარგავს აზრს. დიდი ალბათობით, მთავრობა ასე აგვარებს მარჯვენასაჭიანების იმპორტის პრობლემას, რითაც მოჭარბებული იმპორტის საკითხიც მოგვარდება.
ავტოდილერები, რომლებსაც წლებია საქართველოში იაპონიიდან მანქანები ჩამოჰყავთ, საქმიანობას წყვეტენ. გიორგი ცერცვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც განბაჟების გაძვირების შემდეგ ავტომობილების ჩამოყვანას აღარ აპირებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, უკვე რეგისტრირებული მანქანების ძვირად გაყიდვას აპირებს, ხოლო მათი სრულად რეალიზაციის შემდეგ საქმიანობის შეწყვეტას. განაგრძეთ კითხვა