2016 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.
2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.
დედაქალაქში 2016 წელს მომხდარი რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, დაიღუპა 98 და დაშავდა 4 173 ადამიანი.
2015 წელთან შედარებით, თბილისში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი 9%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, ასევე, 9 %-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2016 წელს დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, 8%-ით გაიზარდა.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა AMBEBI.GE-ს მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის".