საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI, დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.
ესპანეთის მეფეს და დედოფალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამეფო ოჯახი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა.
იხილეთ ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდათ ესპანეთის მეფესა და ულამაზეს დედოფალს "მრავალჟამიერის" მოსმენისას
გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე და დედოფალი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, საქართველოში მიიწვია. თავის მხრივ, მეფე ფელიპე VI-მ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.
მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილნი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ.