"მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით მოკლა ირმა ყოჩიაშვილის დედა" - ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება.
იხილეთ ვიდეო: "ირმა ჩემი ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, ის ჩემი მსხვერპლია"
"მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა... ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას", - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
მისივე თქმით, მარიამ ყოჩიაშვილს მან შთააგონა, რომ მისი დავალებების შესრულება იყო თავად მარიამ ყოჩიაშვილის სურვილი.
რაც შეეხება ბრალდებული ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ თავისუფლებაზე გასვლის შემთხვევაში ყოჩიაშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, როგორც ბრალდებულმა ბექა შენგელიამ აღნიშნა, ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს. "არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს", - განაცხადა შენგელიამ.
აღსანიშნავია რომ, აღიარების მიუხედავად შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, სისასტიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომ სიცოცხლეშივე აწამო სხვაგვარად, ამას ადგილი არ ქონია. ვერ დავეთანხმები ვერანაირად", - აღნიშნა ბრალდებულმა.