ბოლო ხანს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა სტატისტიკა მართლაც შემაძრწუნებელია. მხოლოდ დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ ორ კვირაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 25-მდე ადამიანი ემსხვერპლა და ეს სტატისტიკა სამწუხაროდ დღითიდღე მძიმდება...
ექსპერტები ავარიების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, მოსახლეობას სიფრთხილისკენ, შესაბამის სამთავრობო უწყებებს კი დარღვევების ფაქტებზე მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს შსს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რას გულისხმობს და როდის ამოქმედდება რეალურად მთავრობის მიერ დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს ესაუბრა.
- რამდენიმე თვის წინ მთავრობამ დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია. რა ეტაპზეა ამ სტრატეგიის მუშაობა და როგორ ხორციელდება?
- მთავრობის მიერ დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმა მოიცავს როგორც საპოლიციო, ასევე განათლებისა და ინფრასტრუქტურულ სეგმენტებს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გატანა და გართულება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების უფრო ეფექტურ სისტემაზე გადასვლას და საპოლიციო საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდას.
ახლა ვმუშაობთ კონტროლის ძალიან ძლიერ სისტემაზე, რომელიც მიმდინარე წლიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ავტობანზე ამოქმედდება. საუბარია ე.წ. "ჭკვიან კამერებზე", რაც, რეალურად, კონტროლის ძალიან ეფექტური სისტემაა. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ განათლების მიმართულებით, უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. კერძოდ, ეს არის შსს-ს საგანმანათლებლო პროგრამა "უსაფრთხოების 10 გაკვეთილი" და სხვადასხვა სოციალური კამპანია. ამავე გეგმის თანახმად, ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება. მათ შორისაა მართვის მოწმობის ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ამაზე უკვე გვქონდა კონსულტაციები პარლამენტთან.
- ამჟამად ამ სტრატეგიიდან რა მუშაობს? თუ არ ვცდები, იგეგმებოდა მუნიციპალიტეტების მიერ საგზაო მოძრაობის ნიშნების განთავსების უფლებამოსილების შსს-სთვის გადაცემა ამ სტრატეგიის მიხედვით. გადმოეცა ეს ნაწილი თქვენს უწყებას?
- ეს საკითხი ისევ ისე დარჩა. მუნიციპალიტეტებთან ჩვენ მუშაობა გავააქტიურეთ იმ მიმართულებით, რომ ყველა მათგანს დავუგეგმეთ, თუ სად უნდა განათავსონ საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები, რათა კონტროლის სისტემა უფრო ეფექტური გახდეს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა სურვილი, "ჭკვიანი" კამერები და რადარები ჩვენ მიერ დაგეგმილ ადგილებზე განათავსოს, რაც ერთიანი პროცესის ფარგლებში მოხდება. შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამერების სისტემის მოწესრიგება შსს-მ თავის თავზე აიღო და ამ პროცესში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული. ფინანსურ ნაწილში უწყებას მუნიციპალიტეტები, ასე ვთქვათ, შეეხიდებიან. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სისტემით სარგებელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ, რადგან ჯარიმების ნაწილი მათ ბიუჯეტში ირიცხება.
მიმდინარე წლიდან საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას ექნება ინციდენტების ზუსტი აღრიცხვა - სამართალდარღვევისა და ავტოსაგზაო შემთხვევების. ამასთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად შევისწავლით იმ მონაკვეთებს, რომელიც ავარიების მაღალ რისკს შეიცავს. ჩვენ მიერ გაკეთდება ანალიტიკური პროდუქტი, მაგალითად, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის ფარგლებში, თელავის პოლიციიდან და კამერებიდან თელავის რაიონში არსებული პრობლემების შესახებ შემოსულ ინფორმაციას გავუგზავნით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მას უკვე ექნება რეალური მონაცემები, რომელზეც უნდა მოახდინოს რეაგირება.
- თქვენ ახლა იმაზე ისაუბრეთ რა იგეგმება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. დღეს როგორ ხდება არსებული პრობლემების გადაჭრა? მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რა პრევენციულ ზომებს ატარებს შსს და საპატრულო პოლიცია იმისთვის, რომ მსგავსმა შემთხვევებმა იკლოს?
- არსებული მდგომარეობით, საპატრულო პოლიცია ისევ და ისევ დამოკიდებულია ცოცხალ ძალაზე. პარალელურად გამკაცრდება ადმინისტრირება. ადმინისტრირების გამკაცრებაში ვგულისხმობ მძღოლების უფრო აქტიურად შემოწმებას. ვაპირებთ, უფრო მკაცრად მოვახდინოთ პრევენციული შემოწმება, ვიდრე მანამდე ვახდენდით.
რატომ ვისწრაფვით მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ? მარტო თბილისის მაგალითზე რომ განვიხილოთ, დღის განმავლობაში დედაქალაქში, დაახლოებით, 550 ათასი ავტომობილი მოძრაობს. ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში გვაქვს ჩართული ე.წ. "ჭკვიანი" კამერები, რამაც გვაჩვენა, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. საპატრულო პოლიცია, თბილისის მასშტაბით, ჩვენი საგზაო მოძრაობის პირობებში, სხვადასხვა დროს და გზის სხვადასხვა მონაკვეთებში, საშუალოდ, 3 ათას დარღვევას აფიქსირებს. 550 ათასი ავტომანქანიდან, სულ მცირე, 10%-დან 20%-მდე არღვევს მოძრაობის წესებს, რაც ავარიების საფრთხეს იწვევს. შესაბამისად, პატრულის არსებული რესურსით, რაც უნდა ეფექტურად იმუშავოს მან, საერთო სურათში პრინციპულად არსებითი გარდატეხის შეტანა შეუძლებელია. დღეს არსებული სისტემა, პატრულის ცოცხალი ძალის სახით, აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. მაგრამ ჩვენ თუ რადიკალური ცვლილებები არ განვახორციელეთ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც რომ გავზარდოთ, რაც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა, რეალურად, სასურველი შედეგი მიღწეული ვერ იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს არსებული ვითარება. ამიტომ გვინდა, გადავიდეთ ისეთ სისტემაზე, რომელსაც არცერთი დარღვევა არ გამოეპარება. იქნება ეს 2000, 3000, 5000, 10 000 თუ 20 000 დარღვევა, ყველა იქნება დაფიქსირებული. პატრული მუშაობს იმ ბერკეტების ფარგლებში, რაც დღეის მდგომარეობით აქვს.
- ადმინისტრირების გამკაცრება ახსენეთ და საინტერესოა, რამდენად სწორია ის მიდგომა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობა, მოქალაქეს შეუძლია ვადაზე ადრე უკან დაიბრუნოს გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მხრივაც გასამკაცრებელია მიდგომა და პირმა ბოლომდე მოიხადოს ის სასჯელი, რაც მართვის მოწმობის ჩამორთმევით განესაზღვრა?
- კანონიდან გამომდინარე, ეს დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ მძღოლს მართვის მოწმობის ჩამორთმევა ჯარიმით შეუცვალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება. მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა. თუმცა, ეს მიდგომა რამდენად სწორია - ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ზოგადად, კანონის შეცვლასაც გულისხმობს. შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობა იყო ჩამორთმეული.
- და რამდენი იყო დაბრუნებული ეს ციფრებიც ხომ არ გაქვთ?
- სადღაც, მაქსიმუმ, 10%. საკმაოდ მკაცრი მიდგომაა ამ საკითხისადმი. ალკოჰოლური თრობა პრობლემების პირველ სამეულში რჩება.
- ბატონო შალვა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის ძირითადი გამომწვევი მიზეზი რა არის? ადამიანური ფაქტორის გარდა, შეიძლება ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე და სხვა ფაქტორებზე?
- მთელ მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების კომპონენტებია - ავტოპარკი, ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, მძღოლის მომზადების დონე და რიგ შემთხვევაში, ბუნებრივი პირობები. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები კომპლექსურია და ჩვენ არცერთი არ უნდა გამოვრიცხოთ. ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით იმაში დაგვეხმარება, რომ სადაც რა სახის პრობლემებია, ამის შესახებ დახარისხებული ინფორმაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თვითმმართველობებს დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას, სად, რა მიზეზით და რამდენი ავარია მოხდა ან რამდენი სამართალდარღვევა ხდება. ვფიქრობთ, ეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრად სრულ სურათს შექმნის.
- გარკვეულ წერტილებში უკვე დამონტაჟებულია როგორც თქვით ე.წ. ჭკვიანი კამერები...
- ე.წ. "ჭკვიანი" კამერები დამონტაჟებულია როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალებზე. მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ, რადგან სისტემის სრულად ამუშავებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. სისტემამ უკვე გვაჩვენა პრობლემები და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა.
ამას პირველად თქვენთან ვამბობ. ამ სისტემამ, რომელიც დღეს დარღვევებს აფიქსირებს და თავისი ანალიტიკური სისტემით ითვლის, თუ რა სახის დარღვევა იყო ყველაზე მეტი, აჩვენა, რომ ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. ეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. არღვევენ როგორც ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო ტაქსები. ჩვენ ეს ტენდენცია ე.წ. "ჭკვიანმა" კამერებმა დაგვიფიქსირა, რომლებიც ჯერჯერობით რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს. ამ ეტაპზე გვაქვს ის რეჟიმი, რომ ცოცხალი ძალა უყურებს კამერებს და ვისაც აფიქსირებს, აჯარიმებს კიდეც, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი ე.წ. "ჭკვიანი" კამერების სისტემა სრულად ამოქმედდება, ძალიან მკაცრი ზომები გატარდება, ამ სისტემას არცერთი მსგავსი დარღვევა არ გამოეპარება. პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოვუწოდებ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დახურულ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ მერიასთან ერთად.
რაც შეეხება დაჯარიმებას, მუნიციპალური ტრანსპორტის დაჯარიმების საკითხი მარტივად მოსაგვარებელია. კონტროლის ახალი სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარღვევის ამსახველი სურათი მივიღოთ. შეიძლება, მერიამ მოგვცეს თავისი ბაზა, საიდანაც გვეცოდინება, რომელ მუნიციპალურ ტრანსპორტს რომელი მძღოლი მართავს და პირდაპირ მძღოლი დაჯარიმდება. განიხილება ის ვერსიაც, რომ დაჯარიმდეს მერია და შემდეგ მუნიციპალიტეტმა რეგრესის წესით მოსთხოვოს მძღოლს. ეს ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხია.
- სანამ მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემა არ შემოვა, სიჩქარის გადაჭარბებაზე რჩება ის ჯარიმა, რაც დღეისთვის არის განსაზღვრული. ხომ არ თვლით, რომ ვინაიდან კანონპროექტის განხილვა შეჩერდა წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, უნდა შეგეცვალათ თუნდაც ჯარიმების ოდენობა სიჩქარის გადაჭარბებაზე?
- კანონპროექტის ფარგლებში, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმის გამო, რომ კანონპროექტის განხილვა შეჩერებული იყო, ეს არ მოხდა, თუმცა კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტშია შესული, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობის გაზრდა რაციონალურად მოხდება. მანამდე რომ გაგვეზარდა, მაინც კანონში უნდა შესულიყო ცვლილებები და რადგან პარლამენტში კომპლექსური ცვლილებების პაკეტი შევიტანეთ, შესაბამისად, ცალკე სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით ჯარიმას ვეღარ გავზრდიდით.
- სამინისტრო სატესტო რეჟიმში ახორციელებდა ქვეითი პატრულების მუშაობას ისეთ ადგილებში, სადაც ქვეითების უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა. რამდენიმე კვირის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, ზებრაზე ახალგაზრდას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და იმსხვერპლა. ხშირად, ე.წ. ზებრა გადასასვლელები არ კონტროლდება საპატრულო პოლიციის მიერ. რას აკეთებს სამინისტრო ქვეითების უფლებების დასაცავად?
- სამწუხაროდ, ქვეითი პატრულები შეზღუდული რაოდენობით გვყავს. საერთო პრობლემაა ქვეითების მიერ სხვადასხვა აკრძალულ ადგილას გადასვლა და მძღოლების მიერ "ზებრაზე" გზის არდათმობა. მცირე რაოდენობის პატრული არ იძლევა იმ შედეგს, რაც საზოგადოების მხრიდან გლობალური დაკვეთაა. იმისთვის, რომ შედეგი ეფექტური იყოს, მთელი ქალაქის მასშტაბით, ალბათ, რამდენიმე ათასი პოლიციელი უნდა განვალაგოთ. ამიტომ, ჯერჯერობით, ეს საკითხი რჩება, ცნობიერების ამაღლების კამპანიის დონეზე საზრუნავად, ვინაიდან სხვა მექანიზმი, რომ ქვეითად მოსიარულე ამ დარღვევას ავარიდოთ და არ გადაკვეთოს არასწორ ადგილზე გზა, არ გვაქვს. თუმცა, ვნახოთ, რაღაც დონეზე ტექნოლოგიების განვითარება შეიძლება ამ მიმართულებითაც იქნას გამოყენებული.
- ამ ტენდენციიდან გამომდინარე რაც ქვეითებთან მიმართებაში არის, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ კამპანიის წარმატებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის"?
- ვფიქრობ, კამპანია არის წარმატებული, რადგან, როდესაც ჩვენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, მაშინ ქართულ საზოგადოებაში ეს თემა აქტუალური არ იყო. ავარიები მაშინაც ხდებოდა, ხალხი მაშინაც იღუპებოდა, თუმცა გარკვეულწილად ეს თემა საზოგადოებაში არც თუ ისე აქტუალური იყო. როდესაც ჩვენ კამპანია დავიწყეთ, ამის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება ექცევა, თუნდაც, ავარიის შედეგად გარდაცვლილებს, საზოგადოების რეაქციაც შეცვლილია, პროტესტი უფრო დიდია. საზოგადოებამ დაინახა, რომ 100-ქულიანი სისტემა და დამატებითი შეზღუდვები ბევრად უფრო რაციონალურია, ვიდრე დღეს არსებული ვითარება.
შეიძლება, რაღაც დონეზე მძღოლთა თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ ეს თავისუფლების შეზღუდვა ღირს იმად, რომ სხვების სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამ კამპანიამ, დარწმუნებული ვარ, ქვეითთა გადასასვლელების საკითხი იქნება ეს თუ პრევენციის ნაწილი, შედეგი გამოიღო და შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიას გავაგრძელებთ, რადგან ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ცნობიერების ამაღლება კი პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მხოლოდ ჯარიმის გამკაცრება ვერ შეცვლის საგზაო მოძრაობის წესებისადმი მძღოლის დამოკიდებულებას. ცნობიერების ამაღლება მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა.
- როდესაც AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მართვის მოწმობის გამოცდების გართულება დაანონსეთ, მაშინ არ იყო ზუსტი კონტურები რა სახის ცვლილება მოხდება პრაქტიკულ გამოცდაში. ახლა თუ არის კონკრეტული გეგმა, როგორ გადმოინაცვლებს გამოცდა ქუჩაში, რეალურ დროში?
- ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე გზა გვაქვს შერჩეული, გავეცანით რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას. გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს.
- ვირტუალურად მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება?
- მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და ა.შ. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. გამზადებული გვაქვს რამდენიმე პროექტი. საბოლოო გადაწყვეტილება, ალბათ, შიდა კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. ამის შესახებ გაიმართება პრეზენტაცია, რათა საზოგადოებამ შეიტყოს და მოლოდინები ამ მიმართულებით იყოს სწორი.
- ამის ამოქმედება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება?
- წელს ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ. შესაბამისად, მისი განხორციელება პარლამენტის პროცედურებისა და პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით მოხდება. დღეს არსებული პრაქტიკული გამოცდაც, ალბათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია. ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც.
- ჯერ კიდევ არ დაწყებულა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროქტის განხილვა პარლამენტში, ხომ არ გეგმავთ დამატებით ცვლილებების შეტანას მასში, თუნდაც მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლების კუთხით?
- ჯერჯერობით, ამაზე კონსულტაციები არ გვქონია. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ, როგორც კი პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეიკრიბება, დავუბრუნდეთ ამ თემებს და განხილვის პერიოდში თუ რამე ცვლილებები იქნება ინიცირებული, განვიხილოთ. კანონპროექტის განხილვა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საკითხის გარეშე მოხდება, რადგან მათზე სხვა რეგულაციებია მიღებული.
- რამდენად გადაჭრის უკვე მიღებული რეგულაციები იმ პრობლემას, რომელიც მარჯვენასაჭიანებზე თქვენი მოდელით იჭრებოდა?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეამცირებს საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის რაოდენობას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საფრთხე - გვყოლოდა თანაბარი რაოდენობის მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილები ან პირიქით, აღარ დაგვემუქრება.
- 2016 წელს ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში გზებზე დამონტაჟებული კამერების დაახლოებით 30% ან უხარისხოა ან საერთოდ არ მუშაობს. თუმცა მაშინ აღნიშნეთ, რომ იგეგმება ახალი კამერების შეძენა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ანალიტიკით. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ახლა? მუშაობს თუ არა კამერები?
- ჩვენ მაქსიმალურად ჩავატარეთ ინვენტარიზაცია და რისი აღდგენაც შეიძლებოდა, მოხდა იმ კამერების აღდგენა. ამორტიზებული კამერების რიცხვი გაცილებით დაბალია. გარდა ამისა, დაემატა ის კამერები, რომელთა პროგრამის გატესტვა მიმდინარეობს და შესაბამისად, გარკვეულ ხედვას ისინიც გვაძლევს. ჩვენი პროექტის - "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" სრულად ამოქმედება, რაც ქვეყნის მასშტაბით ანალიტიკური ფუნქციებით აღჭურვილი, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას გულისხმობს, ვფიქრობ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.
ესაუბრა თორნიკე კოშკაძე, AMBEBI.GE