ჩვენი ბავშვები "აიფონებში", "აიპადებში" არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.
ჯეჯელავა გამოეხმაურა პრემიერის მიერ დღეს დაანონსებულ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ჯანმრთელი თაობა.
რაც შეეხება უშუალოდ 103-ე სკოლას, ჯეჯელევას განცხადებით, ეს არის ახალი, თანამედროვე სტადრატების სკოლა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.
"ეს ძალიან ნიშანდობლივია იმიტომ, რომ 2012 წლამდე, 20 წლის განმავლობაში ერთი ახალი სკოლაც არ აშენებულა. პირიქით, სამწუხაროდ, ბევრი სკოლა დავკარგეთ. ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ 10 სკოლა ავაშენეთ უკვე ჩვენი ძალებით და ეს პროცესი გრძელდება. ეს სკოლა არის ძალიან მაღალი სტანდარტის. რაც მთავარია, დღეს ამ სკოლიდან პრემიერმა დაანონსა ჩვენი განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, ეს არის ჯანმრთელი თაობა.
რაღაც პერიოდში სპორტულ აქტივობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მოგეხსენებათ ჩვენი შვილები "აიფონებში", "აიპადებში" არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან. ჩვენ ვაპირებთ სკოლის ბაზაზე არამარტო ფიზკულტურის გაკვეთილით, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში. ჩვენ ვაპირებთ ბავშვების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში გაიზარდოს. დარწმუნებული ვართ, ბავშვებს უნდათ ამ მიმართულებით განვითარება", -განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ამ ინიციატივებში ჩართულია სპორტის სამინისტრო და სპორტული ფედერაციები.