რა დაავადებებს იწვევს არაჯანსაღი კვება და რა პროდუქტები მიიჩნევა ჯანსაღ საკვებად

რა დაავადებებს იწვევს არაჯანსაღი კვება და რა პროდუქტები მიიჩნევა ჯანსაღ საკვებად

ჭამა სიამოვნებაა, მაგრამ გადამეტებულ ჭამას წონის მატება მოსდევს, რაც ორგანიზმს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის და ხშირად არაერთი მძიმე დაავადების წარმოქმნის საწინდარი ხდება. ამიტომ, "ჯანსაღი, რაციონალური, დაბალანსებული, სწორი კვება - ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია", - გვეუბნება ქეთევან ასათიანი, ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი.

- რამდენად აუცილებელია ჯანსაღი კვება და სჭირდება თუ არა ის ყველას?

- რა თქმა უნდა, აუცილებელია, საკვები, რომლითაც ვიკვებებით, უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების განვითარებას და მუდმივ განახლებას. ის არის ენერგიის წყარო, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ხარჯავს არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. საკვები პროდუქტები წარმოადგენს იმ ნივთიერებათა წყაროს, რომელთა მეშვეობით ხდება ფერმენტების, ჰორმონებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა მარეგულირებელი ფაქტორის სინთეზი. ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობის საფუძველი ნივთიერებათა ცვლაა, რომელიც უშუალოდ დამოკიდებულია კვების რაციონზე.

ქეთევან ასათიანის თქმით, კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას. საკვების შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განაპირობებს ზრდას და ფიზიკურ განვითარებას, შრომისუნარიანობას, ავადობას, ფსიქონევროლოგიურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.

- ზოგს ჯანსაღი, დაბალანსებული კვება ტანჯვა ჰგონია, რადგანაც მიაჩნია, რომ ამით კვების რაციონში სერიოზული აკრძალვები უწესდება...

- ეს ასე არ არის. თუ ადამიანს არ აქვს კონკრეტული საკვები პროდუქტისადმი ინდივიდუალური აუტანლობა, საკვებ რაციონში პროდუქტის აკრძალვა არ ხდება. ჯანსაღი კვების დროს ჩვენი ორგანიზმი საკმარისი ოდენობით უნდა იღებდეს ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. არა ჭარბად, არამედ საკმარისი ოდენობით და, ასევე სწორი თანაფარდობით. ორგანიზმი სრულად (თუმცა, არა ჭარბად) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა: შეუცვლელი ამინომჟავები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, წყალი. ასევე აუცილებელია მათი სწორი თანაფარდობა.

- არაჯანსაღი კვება უმთავრესად რა სახის ცვლილებებს, დაავადებებს იწვევს ორგანიზმში?

- ხშირად მოგვმართავენ პაციენტები სწორედ არაჯანსაღი კვების შედეგად შემდეგი ჩივილებით: თავბრუსხვევა, გულისრევა, სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, ძილის დარღვევა, ნერვული აგზნებადობა, ფერმკრთალი კანი. ბუნებრივია, თუ ამ ჩივილებს არ ვუმკურნალებთ, გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით, მაშინ შესაძლოა, მრავალი დაავადების განვითარების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.

ჯანსაღი, სწორი, რაციონალური, დაბალანსებული რეჟიმი ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობის წინაპირობაა. სწორი კვების რეჟიმით უპირველეს ყოვლისა, თავიდან ავიცილებთ ჭარბი წონის, სიმსუქნის, მეტაბოლური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, გასტროენტეროლოგიური სისტემის დაავადებების განვითარებას. ფაქტობრივად, ნებისმიერი ორგანოთა სისტემა რეაგირებს კვების რაციონსა და რეჟიმზე.

- რა პროდუქტები მიიჩნევა ჯანსაღ საკვებად?..

- ჯანსაღი საკვები პროდუქტის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. პრინციპი კვების ძირითადი კომპონენტების (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი) სწორ თანაფარდობაში მდგომარეობს. გამოყენებული კომპონენტების თანაფარდობა საშუალოდ (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი) შემდეგია - 1:1:4, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას - 1:1:5, ხოლო გონებრივი შრომის დროს - 1:0.8:3.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი