ამ გოგონას შესახებ ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა უამბო საზოგადოებას. იმედია, გამოჩნდებიან გულისხმიერი ადამიანები და დაეხმარებიან მას:
"ვიღაც თბილად იჯდა ბუხართან და შუშხუნა ღვინის წრუპვით შეხვდა ძველით ახალ წელს, ვიღაც მაშხალას ანთებდა, ვიღაც კონცერტს ადევნებდა თვალს, მაგრამ 6 წლის გოგოს - სალომე მამუდოვს არაფერი ეხალისებოდა.
15 მარტს 7 წლის გახდება. ალბათ, არც მაშინ ექნება სამხიარულო.
ახალი წლის წინა დღეებში დედა გარდაეცვალა. ჩასასვენებელი გლდანის გამგეობამ დაუფინანსა. მას მამაც არ ჰყავს.
ის თავს სამხედრო ჯიხურში აფარებს, რომელიც მეტრო "ახმეტელის თეატრთან, "კარფურის" უკან არის. დეიდამ, ქალბატონმა ანჟელამ, რომელიც თავადაც უმუშევარია, ბავშვის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. ახლა დაწესებულებებში უნდა ირბინოს, რომ სალომესთვის ორასლარიანი შემწეობის უფლება მოიპოვოს. ისინი წუხანდელ ახალ წელს წვალებით ნაშოვი შეშით გათბნენ.