ავტორი:

ებრაელი მკერავი, რომელიც ამერიკელ განგსტერებსა და პრეზიდენტებს მოსავს - საკონცენტრაციო ბანაკებიდან ამერიკულ ოცნებამდე

ებრაელი მკერავი, რომელიც ამერიკელ განგსტერებსა და პრეზიდენტებს მოსავს - საკონცენტრაციო ბანაკებიდან ამერიკულ ოცნებამდე

წარმოშობით ებრაელი მაქსიმილიან გრიუნფელდი, რომელმაც 1940-იან წლებში მარტინ გრინფილდი დაირქვა, 1928 წელს იმიერკარპატების ოლქში დაიბადა. მის სახლში ნაცისტები აღდგომიდან ორი დღის შემდეგ მივიდნენ და ოჯახს ბარგის ჩალაგება უბრძანეს. რამდენიმე დღეში ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.

ოსვენციმში 14 წლის მოზარდი სიკვდილს ორჯერ გადაურჩა. პირველად, როდესაც ადგილობრივმა ექიმმა მამასთან და უმცროს დასთან ერთად მარჯვენა მხარეს მიმავალ კოლონაში გაამწესა. მარცხენაში მყოფებს ნაკლებად გაუმართლათ - ისინი პირდაპირ გაზის კამერებში გაუშვეს. მეორედ - როდესაც მამამ შვილის ნაცვლად ხელი აწია და გერმანელებს, რომლებიც პატიმრებს შორის ოსტატებს და ხელოსნებს ეძებდნენ, უთხრა, რომ მისი შვილი მექანიკოსია. ამით გრიუნფელდ უფროსმა შვილს სიცოცხლე გადაურჩინა. მამისგან განსხვავებით, რომელიც პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი გახლდათ, პატარა ბავშმა ახლად შეძენილ პროფესიაზე საერთოდ არაფერი იცოდა.

გრიუნფელდ უმცროსი მალე მიხვდა - რაც მეტს იმუშავებდა, გადარჩენის მეტი შანსი ეძლეოდა. ერთხელ სამრეცხაოში რეცხვისას, მან შემთხვევით გერმანელი ოფიცრის პერანგი გახია. დაზიანებული ტანისამოსის მფლობელმა ის ხელკეტით გონების დაკარგვამდე სცემა.

ერთ-ერთმა პატიმარმა მაქსიმილიანს ნემსი და ძაფი მისცა. კერვა და დაზიანებული ტანსაცმლის აღდგენა ასწავლა. მალე მის ხელთ კიდევ ერთი დახეული პერანგი აღმოჩნდა. ცოტა ხანში პატარა მაქსიმილიანი ახალ ხელობას წარმატებით დაეუფლა.

ომის დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში ევროპაში ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის ძიების უშედეგო მცდელობების შემდეგ, მაქსიმილიანი ამერიკაში ნათესავებთან გაემგზავრა. სახელ-გვარი მარტინ გრინფილდზე გადაიკეთა და მეგობრის ხელშეწყობით ნიუ-იორკში, სამკერვალო ფაბრიკაში GGG Clothing დასაქმდა.

თავიდან სამკერვალო იმპერიის მომავალი მფლობელი იატაკებს გვიდა და ქსოვილის მძიმე თოფებს დაათრევდა. მაგრამ მარტინს ბედმა გაუღიმა - ფაბრიკის დირექტორმა ახალგაზრდა ემიგრანტში დიდი პოტენციალი დაინახა და მას მამაკაცების კოსტუმების კერვა შეასწავლა.

მარტინი კარიერის კიბეზე ზემოთ სწრაფად მიიწევდა. სამკერვალო საამქროდან ის მალევე ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს და სუპერვაიზერის მოადგილედ, შემდგომ კი - ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსად დანიშნეს.

მარტინის კოსტუმების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალევე ის თეთრ სახლშიც მიიწვიეს. პრეზიდენტი დუაიტ ეიზინჰაუერი კოსტუმებს მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილ ებრაელ ემიგრანტს აკერინებდა.

1977 წელს მარტინმა ფაბრიკა გამოისყიდა და მას სახელიც შეუცვალა. ამიერიდან ფირმას Martin Greenfield Clothiers ეწოდებოდა.

ლეგენდარული მკერავი თეთრ სახლში 1990-იან წლებში დაბრუნდა. ამჯერად მისი კლიენტი პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო. კოსტუმი, რომელშიც პრეზიდენტის რანგში მყოფმა კლინტონმა პირველი ოფიციალური სადილი გამართა, სწორედ მარტინ გრინფილდის შეკერილი იყო. მისსავე კოსტუმში გამოწყობილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა მის უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალს შეხვდა.

Martin Greenfield Clothiers-ის უმაღლესი ხარისხი ამერიკის ახლადარჩეულმა 45-ე პრეზიდენტმა- დონალდ ტრამპმაც სათანადოდ შეაფასა.

სხვადასხვა დროს მარტინი მსახიობ პოლ ნიუმანს, ნიუ-იორკის ყოფილ მერ მაიკლ ბლუმბერგს, მსახიობ და მომღერალ ედი კანტორს, ჟურნალისტ და ტელეწამყვან უოლტერ კრონკაიტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლონ პაულესა და ბევრ სხვა ოფიციალურ პირს მოსავდა. მის ცნობილ კლიენტებს შორის - მაფიოზი მეიერ ლანსკიც ფიგურირებს.

დღეს Martin Greenfield Clothiers-ი კვლავ აგრძელებს უმაღლესი ხარისხის კოსტუმების კერვას. ყოველწლიურად ფაბრიკა 15 ათასამდე მამაკაცის ორეულსა და სამეულს უშვებს. კოსტუმის ფასი 2 600-2 700 $-ის ფარგლებში მერყეობს. ფასს მაღალი ხარისხი განაპირობებს, რაც გრინფილდისთვის კვლავ მთავარ ორიენტირად რჩება - "მე უარს ვამბობ კომპრომისებზე. ჩვენ მხოლოდ საუკეთესო მასალები უნდა გამოვიყენოთ. ჩემს კოსტუმებს უმაღლესი ხარისხის ბრიტანული და იტალიური ქსოვილებისგან მხოლოდ და მხოლოდ ხელით ჭრიან. ჩვენ მხოლოდ ხელით დამზადებულ ღილებს მოვიხმართ. და სანამ ცოცხალი ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ჩემს კოსტუმებზე სარჩული წებოთი დაამაგრონ".

ავტორი: ნუკრი მგელაძე, AMBEBI.GE

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

"სიახლეებს შორის არის მითითება..." - რა რეკომენდაციას იძლევა ჯანმო ინფიცირებულებში თრომბის თავიდან ასაცილებლად?