ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
"ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია.
დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ნახეთ ვიდეო| "ნაციონალები" საბოლოოდ დაიშალნენ - ნახეთ დავით ბაქრაძის სიტყვა საგანგებო ბრიფინგზე
"ნაციონალური მოძრაობიდან" გასული წევრები საქმიანობას "ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.
პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21-მა დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.
უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.
პარტიაში დაძაბული სიტუაცია სააშკარაოზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდს შორის პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. სააკაშვილის გუნდი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე ბოიკოტს მოითხოვდა, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდი კი მიიჩნევდა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შესულიყო და არჩევნების მეორე ტურშიც მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ეს საკითხი პოლიტსაბჭომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამას თან მოჰყვა გიგი უგულავას წერილი, სადაც უგულავა აცხადებდა, რომ პარტია საჭიროებს განახლებას და აუცილებელი იყო ახალი თავმჯდომარის არჩევა.