"კვაზი მანტკავას" რეალური ცხოვრება: "ევროპაში ფიზიკურად ვმუშაობდი.... 4 წელია დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა"

"კვაზი მანტკავას" რეალური ცხოვრება: "ევროპაში ფიზიკურად ვმუშაობდი.... 4 წელია დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა"

"ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხი მიყურებს, როგორც ჩანს, სერიალიდან მცნობენ და ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, როცა ჩვენი გახმაურებული სპექტაკლებიდან მიცნობდნენ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში წასვლამდე იყო... პოპულარობა კარგია, თუმცა პასუხისმგებლობაა, ყოველთვის მზად უნდა იყო და არ უნდა მოეშვა..." - ამბობს მსახიობი ზურაბ ანთელავა, რომელსაც უფროსი თაობის მაყურებელი თელავის თეატრის წარმოდგენებით კარგად იცნობს, მათ შორის, სპექტაკლებიდან "ალალე", ''ჩემი წყალ-ჭალის ხმები" და სხვ. ახალმა თაობამ მის შესახებ ცნობილი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" შეიტყო. მისი მისტიკური პერსონაჟის გამოჩენას მაყურებელი დიდი ხანია ელოდა და ბოლოს გამოჩნდა კიდეც - კვაზი მანტკავა.

AMBEBI.GE გთავაზობთ ზურაბ ანთელავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

- პოპულარულ სერიალში მოგიწიათ მონაწილეობამ და ისეთი პერსონაჟის გასახიერება, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. იქამდე თუ უყურებდით სერიალს და წარმოიდგენდით თუ არა, რომ შეიძლება, კვაზი მანტკავა სწორედ თქვენ ყოფილიყავით?

- ვუყურებდი, როცა დრო მქონდა, რადგანაც ყოველთვის არ მაქვს თავისუფალი დრო. თუმცა ვხედავდი, რომ მრავალხაზიანი სიუჟეტი იყო... სერიალში კაკაჩიამ (დათო კვირცხალია) და ასევე ეგონამ (ლაურა რეხვიაშვილი, ორივე მიხეილ თუმანიშვილის ნამოწაფრები არიან) საოცრება მოახდინეს, - დიდ ენერგიას გვაწვდიან... (მეც მიშა თუმანიშვილის იმ ცნობილი ჯგუფიდან ვარ, თუმანიშვილის თეატრის გახსნის საფუძველი რომ გახდა)...

სერიალში ახალი სახეებიც სერიოზულ როლებს ქმნიან, ეს გადამღები ჯგუფის დამსახურებაა, რადგან კარგად ეძებენ მსახიობებს და უმართლებთ კიდეც... სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, თუ კვაზი მანტკავას როლის შესრულება მომიწევდა, მაგრამ კასტინგი გავიარე და მომიწია...

- მოგწონთ როლი?

- კი, ძალიან საინტერესოა. როცა ამიხსნეს, ვინ არის კვაზი (სიტყვაძუნწი, მკაცრი, "ძერსკი") და როგორ ხედავენ ისინი ამ პერსონაჟს, ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ მერე შემომაბრუნეს. ახლა ნელა-ნელა შევდივარ როლში, რადგანაც ტელეკამერასთან მუშაობა სხვა რამ არის, თან, ემიგრანტობის გამო, ჩემს პროფესიასთან, ხომ გითხარით, 15-წლიანი წყვეტა მქონდა. 4 წელია, რაც ევროპიდან საქართველოში დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა.

გრიშა კაკაჩია დიდი ფულის პატრონია თბილისში, მაგრამ კვაზი მანტკავა ის ადამიანია, რომელსაც დედაქალაქში მესამე-მეოთხეობას, რეგიონში პირველობა ურჩევნია. ის ახალი დროის წვრილი ფეოდალია, თუმცა განათლებული პერსონაა, იცის ენები, ბიზნესი აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ როცა როგორ არის საჭირო, ისე იქცევა... ხან მეგრულად ლაპარაკობს, ხან ფრანგულად და ხანაც დახვეწილი ქართულით... შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა ძალიან მომწონს.

- თქვენს პიროვნებასთან რამდენად ახლოს არის ეს პერსონაჟი?

- რაღაცით შეიძლება ახლოც იყოს, თუმცა ისეთ დროს დავიბადე და გავიზარდე, რომ თვალწინ მყავდა მსგავსი ადამიანები, - შეიძლება ასეთი პერსონაჟი ვთქვათ, მეზობელიც ყოფილიყო, ნათესავი, მეგობრის მამა, - მსახიობები კიდევ "ჩავავლებთ" ხოლმე რაღაც მომენტებს, მერე სხვადასხვა ფერს დავამატებთ და შეიძლება სერიოზული როლიც შეიქმნას...

- მიხეილ თუმანიშვილის ნამოწაფარი ყოფილხართ... თუმცა, თელავის თეატრში წასულხართ სამუშაოდ. რატომ?

- კი, 1971 წლიდან 1975 წლამდე მიხეილ თუმანიშვილი იყო ჩემი პედაგოგი და მთელი ჯგუფი, ვინც დღესაც თუმანიშვილის თეატრში არიან, ჩემი მეგობრები. დიახ, მიხეილ ივანიჩის ოცნების ამსრულებელი სწორედ ჩვენი ჯგუფი აღმოჩნდა. თუმცა, სურვილები ჩვენც გვქონდა, რომლის რეალიზაცია სწორედ დიდმა მაესტრომ მოახდინა.

თელავის თეატრში როგორ აღმოჩნდითო, - მეკითხებით, გეტყვით, რომ განაწილებით მოვხვდი, ნუგზარ ლორთქიფანიძეს (აცხონოს ღმერთმა, დიდი დანაკარგი მაქვს ამ ადამიანის წასვლით) გავყევი, თელავის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ. იმ ახალმა გუნდმა, რომელიც მაშინ იქ მივედით (ჩემთან ერთად იყო ვანო ინატბელიძეც), ახალ ლიანდაგებზე დააყენა თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება. მთელი დასი ნუგზარმა გააშალაშინა და იმ შედეგის დამსახურებაა თუნდაც ის, რასაც ახლა ვიმკი.

თან, იღბალია ისიც, რომ ბატონი ნუგზარის შემდეგ თეატრში ნუკრი ქანთარია მოვიდა, რასაც დიდი სპექტაკლები მოჰყვა, სერიოზულ თემებს ჰკიდებდა ხელს, რომლებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული.

- ე.ი. თბილისიდან საცხოვრებლად თელავში გადახვედით...

- კი და იქ დავქორწინდი კიდეც, სადაც მერე 25 წელი ვიცხოვრე - 1975-დან 1999 წლამდე...

- ალბათ, თელავური კილოს გავლენის ქვეშაც აღმოჩნდით...

- ზოგი ამბობს, რომ შიგადაშიგ მაქვს ეს კილო, თუმცა მსახიობი ვარ და ეს "საფრთხე" დიდად არ დამმუქრებია... მეტყველებას ყურადღებას ვაქცევდი ყოველთვის... მეგრულიც ვიცი, ბავშვობაში სამეგრელოდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, მეგრულზე ისე ვიყავი გადაწყობილი, ქართულად ლაპარაკი მიჭირდა. მოკლედ, ბედის ამბავია, ანთელავა თელავში რომ მოვხვდი, ვხუმრობ, რასაკვირველია...

- 25 წელი კახეთის შუაგულში, შემოქმედებითად დატვირთული წლები, ოჯახი და შემდეგ ემიგრაცია? ეს 90-იანი წლების მძიმე ცხოვრების გამოძახილი იყო, თუ უბრალოდ, ევროპის ნახვა გინდოდათ?

- სხვათა შორის, 90-იანებში არ მქონდა მატერიალურად მძიმე პირობები. ოთხმა მსახიობმა ჩვენი სპექტაკლებიდან ავიღეთ კომედიური ეპიზოდები და 55-წუთიანი პროგრამა "ალალე და ცეტები" შევკარით, რომლითაც მთელი საქართველო შემოვიარეთ. ჩვენს პროგრამაზე დიდი მოთხოვნა იყო, 2 დღით რომ ჩავდიოდით ამა თუ იმ ქალაქში, ლამის თვე გვიწევდა იქ სპექტაკლები.

რაც შეეხება ევროპის ნახვას, როცა ევროპაში სამუშაოდ მიდიხარ, ეს ამბავი არ გამოდის... თუმცა ფაქტია, რომ ესპანეთი სასწაული ქვეყანაა, ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა. საოცარი ერია, ჩვენნაირები არიან, მხოლოდ სხვა ენაზე ლაპარაკობენ...

- ოჯახიც წაიყვანეთ იქ?

- დიახ, მეუღლე და 2 ვაჟი. ერთ-ერთი შალვა, რომელიც ახლა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია, ესპანეთში კალათბურთს თამაშობდა და იქიდან გამომექცა, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში მოინდომა. უფროს ვაჟს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი წარმატებით აქვს დამთავრებული. 2 წიგნის ავტორია. სასწავლო კურსი ესპანეთშიც გაიარა, მაგრამ ისიც გამოიქცა საქართველოში და რა გამოვიდა? მათი გულისთვის წავედი იქ და მე დამტოვეს და თვითონ წამოვიდნენ.

თავიდან 6 თვით გავემგზავრე, თეატრის რეპერტუარიდან თავისუფალი ვიყავი და ამიტომ, მაგრამ მერე როგორც ხდება ხოლმე, ჭაობი გითრევს. ფიზიკურად ვმუშაობდი, თუმცა კარიტასში დავმეგობრდი განსწავლულ ესპანელთან, მწერალი და ფილოსოფოსია ის კაცი, რომელსაც მოყვარულ მსახიობთა დასი "ეკილიბრიო" ჰქონდა დაარსებული. რომ გაიგეს, მსახიობი ვიყავი, ერთი-ორჯერ თავისთან მიმიწვიეს და პარასკევ-შაბათ-კვირას იმ ჯგუფს მეც შევუერთდი. იქაურობა ჩემთვის ერთი ნათელი, პატარა კუნძული იყო, თუმცა მერე ესპანეთში კრიზისი რომ დაიწყო, გერმანიაში გადავედი (მეგობრები მყავს იქ და ამიტომ). შევხვდი რეზო ჩხიკვიშვილსაც, რეზო ბევრს ეცადა, რომ შევეყვანე იმ გარემოსა და სივრცეში, რომელშიც თვითონ არის ჩართული, მაგრამ ენისა და დროის პრობლემის გამო, ეს ვერ მოხერხდა. იქაც ფიზიკურად ვმუშაობდი. არადა, თუ გინდა, რომ ჩაერთო ამ საქმეში, დრო უნდა გქონდეს.

- მეუღლეც მსახიობია?

- არა, ისტორია-ფილოლოგიური დაამთავრა, 24 წლის პედაგოგიური სტაჟი აქვს. მოკლედ, რადგანაც შვილები აქეთ წამოვიდნენ და თან, გერმანიაში ვისთანაც ვიყავი, ის ადამიანი ტვინს მიბურღავდა, - შენი საქმე აქ არაფერიაო, დავბრუნდი საქართველოში. მართლაც ყველაფერს თავის დრო აქვს-მეთქი და ჩამოვედი, თუმცა შუალედებში შვებულებით ჩამოვდიოდი ხოლმე. ერთ-ერთი ჩამოსვლისას, თელავის თეატრში დუტა სხირტლაძემ მიმიწვია, მაგრამ ეგ საქმე არ გამოვიდა...

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის შტატში ვარ, სადაც თავისუფალ მოედანს ვნახავთ, იქ ვთამაშობთ, იქაც ნუგზარ ლორთქიფანიძემ შემომთავაზა სამსახური. რომ დავბრუნდი, მეორე დღესვე მომიწვია ქეთი დოლიძემ (ჩემი ჯგუფელია) თუმანიშვილის თეატრში დამიძახა, "ჭირვეულის მორჯულებაში" ვთამაშობ და ამ სპექტაკლში რომ შევეყვანე, როლი სპეციალურად ჩემთვის მოიგონეს. რუსთავის თეატრშიც მიმიწვიეს ორ სპექტაკლზე... მოკლედ, ასე ვარ, ვისაც ვჭირდები, მივდივარ, სულ მზად ვარ...

- ემიგრაციის პერიოდმა რა დაგიტოვათ?

- უფრო მეტი მინუსი, ვიდრე პლუსი, როდესაც შენს საქმეს არ აკეთებ და იძულებული ხარ, სხვა რაღაც აკეთო, რთულია. თავიდან რომ მივდიოდი, ნუკრი ქანთარია მეუბნებოდა, ყველაფერი დააფიქსირე და ჩაინიშნე. სხვათა შორის, ვინიშნავდი, მაგრამ მერე რომ გადავხედე იმ ფურცელს, იმდენად ამაზრზენი იყო ის ყველაფერი, რომ ავდექი და დავწვი. ტკივილიანი პერიოდი გავიარეთ, თუმცა იმ ყველაფერმა ბევრი რამ მასწავლა კიდეც...

- ენის ბარიერი არ გქონდათ?

- პირველ 6 თვეში რაც ვისწავლე ის იყო, მერე ფიზიკურად რომ მუშაობ, ენის დასაუფლებლად არ გცალია. თუმცა ისე მოხდა, რომ იმ მოყვარულ მსახიობთა ჯგუფში მასტერკლასებს ვატარებდი მსახიობებთან ესპანურად. ტრენინგებს ვუძღვებოდი, ეტიუდებზე ვმუშაობდით, ვაჩვენე და გავაცანი სტანისლავსკის მეთოდი. მერე მადრიდიდან 2-ჯერ მსახიობების ჯგუფი ჩამოვიდა. მე ვალენსიას რეგიონში ვიყავი, ერთ ტრადიციულ ქალაქსა და ხალხში...

- ბატონო ზურა, მკაცრი ხართ?

- გააჩნია, ვინ რას ეძახის სიმკაცრეს. მიყვარს, რომ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ადგილი აქვს.

- ცხოვრებაში ბაბუა თუ ხართ?

- კი, შალვასგან მყავს 4 წლის ზურა ანთელავა...

- თქვენი ჭაღარა და მოშვებული თმა ყურადღებას იქცევს...

- ახლა ცოტა მომეზარდა. ეს იმის ბრალია, რომ გიორგი ოვაშვილმა ფილმის "ხიბულა", რომელიც პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეძღვნება, გადაღებაზე მიმიწვია. სამი თვე ვიყავი დაკავებული. დაძაბული დღეები გავიარე. პრეზიდენტს ფილმში ჰყავს ორი პირადი მცველი, მე ერთ-ერთი ვარ. მეორე მცველს ჩემი მეგობარი, ბათუმის თეატრის მსახიობი თამაშობს... სანამ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე, არ მჯეროდა, რომ ამ ფილმზე დამტკიცებული ვიყავი...

... ბავშვობაში "ბიტლების" პერიოდი რომ იყო 1965-68 წლებში, მინდოდა ასეთი წამოზრდილი თმა მქონოდა, მაგრამ არსებობდა ადამიანი, რომლის თანდასწრებით ასე სიარული არ შეიძლებოდა. ამ სიბერეში ამიხდა მგონი, ოცნება. თუმცა ასეც ვერ ვიტყვი, ჰიპური ჩაცმულობა, გრძელი თმა, შლაქსები 70-იანებშიც მქონდა, თელავის თეატრის მსახიობი ქალბატონები მაკრატლით დამდევდნენ. შარვლის დაჭრა უნდოდათ, მაგრამ ის მაშინ ჩემი ერთგვარი პროტესტის ფორმა იყო...

- 2017 წელს რა სურვილები გაქვთ?

- მგონი, ჩემთვის ძალიან შედეგიანი იყო 2016 წელი. მოვხვდი ოვაშვილთან გადაღებაზე, ასევე სერიალშიც, თუ კვაზი მანტკავას ხაზი გაგრძელდა, კარგი იქნება და 2017-ში ამ მიმართულებითაც მაქვს ჩემი სათქმელი. კაცი იმედით არის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ფოტო: სულხან ნამიჩეიშვილი; "ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ-გვერდი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება