intermedia.ge არის ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ქართული პლატფორმა სამოქალაქო ჟურნალისტიკისთვის. ამჟამად, საიტზე 80 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი და 500-მდე აქტიური ავტორია, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან ვებგვერდის კონტენტს და რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას რედაქციისგან.
"ვებპორტალმა www.intermedia.ge, 2016 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. თავისი რეიტინგით მან ქართული საინფორმაციო პორტალების ხუთეულში სტაბილური ადგილი დაიკავა. ვებგვერდის კონტენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა და ამავდროულად, ვებსაიტზე უკვე ყველა წამყვანი ქართული არხის ლაივში ყურება, გადახვევა და სასურველი ნაწილის მოჭრა არის შესაძლებელი. ამასთან გაიზარდა ავტორების ანაზღაურებაც. დეკემბერში ერთ-ერთმა ავტორმა ჰონორარის სახით 1000 ლარი აიღო. ასევე გვყავს 300-500 ლარიანი ანაზღაურების მქონე რამდენიმე ავტორი" - ამბობს "ინტერმედიას" რედაქტორი თენგო ოყუჯავა.
მუშაობის თავისუფალი განრიგი, თავისუფალი თემატიკა, გარანტირებული ანონიმურობა, მეგობრების შეძენის საშუალება, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა, დაფასებული შრომა, განტვირთვის კარგი ხერხი, მრავალფეროვანი ინფორმაცია და რაც მთავარია, სახლიდან გასვლის გარეშე გარკვეული თანხის გამომუშავების პერსპექტივა - სწორედ ასე აფასებენ ავტორები პროექტს.
"ჰონორარის ოდენობა დამოკიდებულია ავტორებისა და მასალების რეიტინგზე, ხარისხზე, მოწონებების და გაზიარებების რაოდენობაზე. ამ ყველაფერს საიტის სისტემა ითვლის. საავტორო მასალები და საავტორო ვიდეოები განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და მეტად ანაზღაურებადია. საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლები სტატიებსა და ვიზუალურ მასალას თავად ტვირთავენ. შემდეგ კი ატვირთული ინფორმაცია ადმინისტრატორთან გადის მოდერაციას. იბლოკება მასალები, რომლებიც არღვევს ვინმეს საავტორო უფლებებს ან არ შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტებს" - განმარტავს თენგო ოყუჯავა.
www.intermedia.ge-ს აქტიურ ავტორებს შორის რამდენიმე საქართველოს რეგიონების წარმომადგენელია. სარედაქციო ჯგუფის სურვილია, რომ მეტი მომხმარებელი ჰყავდეს რეგიონებიდან.
"რეგიონებში ბევრი ისეთი ამბავი ხდება, რასაც წამყვანი მედია საშუალებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. რეალურად კი საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესოა. ამიტომ ვისურვებდი, მეტი ავტორი გვყავდეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. მოვუწოდებ მათ, გააქტიურდნენ და მათი რეგიონის პრობლემები უკეთ წარმოაჩინონ", - ამბობს თენგო ოყუჯავა.
ქართულ მედია სივრცეში პორტალი www.intermedia.ge სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სამომავლოდ, საიტის ადმინისტრაცია აქტიური ავტორების ტრენინგებზე გაგზავნას და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვასაც გეგმავს.