პარლამენტში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე და ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ. მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. "ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას... პარტიიდან გარბიხართ, "ნაციონალური მოძრაობიდან" გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი", - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს.
საპასუხოდ სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა. "ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი?! გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ", - აღნიშნა სერგო რატიანმა.
მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. აკაკი ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა: "შენ ოფლი არ გაქვს დაღვრილი "ნაციონალური მოძრაობის" შექმნაში. მარტო მიშასი არ არის ეს პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია მასში".
წაიკითხეთ: "დაძაბულობის პიკი" "ნაციონალებში" - რა სცენარით გადაჯგუფდება საპარლამენტო უმცირესობა
სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ მასში ელენე ხოშტარიაც ჩაერთო: "ძალიან გთხოვთ ყველას თავი გაანებეთ, თავის პარტიაში აწყობს შოუს", - მიმართა თანაფრაქციელებს ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, როგორც მან ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.
ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.
როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, თუმცა იგი გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ხოშტარიას განმარტებით, უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.